ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მისივე ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმაც დაეკისრა. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

„ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა და ₾1 მილიონის გირაოს ითხოვს

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ოქტომბრის ბოლოს წარედგინა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.