აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იანი ტარიფებით იმუქრება. როგორც ჩანს, ტრამპს სურს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაიყოლიოს, მის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას შეუერთდეს, რომელსაც გლობალური კონფლიქტების მოგვარებას უსახავს მიზნად.
როგორც მედიასააგენტო Reuters-ი წერს, დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც ღაზას საკითხის მოგვარებით დაიწყება და შემდეგ სხვა კონფლიქტებზეც გავრცელდება, კითხვებს ბადებს გაეროს როლთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, მაკრონთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი გაწევრიანების მოწვევაზე უარის თქმას აპირებდა.
მაკრონის პოზიციის შესახებ კითხვაზე ტრამპმა ამგვარად უპასუხა: „მან ეს თქვა? არავის ადარდებს, რადგან ის თანამდებობას ძალიან მალე დატოვებს“. „მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ის შეუერთდება ინიციატივას, მაგრამ მას გაწევრიანება არ მოუწევს“, – თქვა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა მაკრონის პირადი შეტყობინებაც გაასაჯაროვა, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის ქმედებები მისთვის გაუგებარია.
ცნობისთვის, ევროკავშირიდან შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ღვინოებსა და სპირტიან სასმელებზე ამჟამად 15%-იანი ტარიფი მოქმედებს. ამ ტარიფის ნულამდე შემცირებას საფრანგეთი აქტიურად ცდილობს მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გასულ ზაფხულს შოტლანდიაში აშშ-EU-ს სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
აშშ ფრანგული ღვინისა და სპირტიანი სასმელების უდიდესი ბაზარია. 2024 წელს ექსპორტმა 3.8 მილიარდი ევრო შეადგინა.









