საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს - საქსტატი

საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა.

2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: თურქეთი თითქმის 2.77 მილიარდი დოლარით, აშშ 2.72 მილიარდი დოლარითა და
ჩინეთი 1.98 მილიარდი დოლარით.

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს

თურქეთის წილი მთლიან იმპორტში 15%-ს შეადგენს, იმპორტის მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში არ არის შეცვლილი. აშშ-ის წილი 14.7%-ს უტოლდება. 2025 წელს საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი თითქმის 33%-ით გაზიარდა. რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს, მისი წილი მთლიან იმპორტში 10.7%-ს შეადგენს. ჩინეთის შემთხვევაში მაჩვენებელი 23.1%-ით არის გაზრდილი.

ათეულს შორის იმპორტის კუთხით გასული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, 242%-იანი ზრდა, გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან საქართველოში დაახლოებით 523.78 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. ზრდის მიხედვით მეორე და მესამე ადგილზეა უკვე ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი, რომელთა მაჩვენებლები ზემოთ მიმოვიხილეთ.

ამავე პერიოდში ყველაზე დიდი, 34.4%-იანი კლება, იაპონიის შემთხვევაში აღინიშნა. 2025 წელს ამ ქვეყანიდან საქართველოში 364.64 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. 0.5%-ით შემცირდა იმპორტი გერმანიიდან და დაახლოებით 1.29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი ხუთი ქვეყნიდან განხორციელდა, მათ შორისაა: თურქეთი, აშშ, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია.

წყარო: საქსტატი