ანტიკორუფციული კამპანია თუ კოსმეტიკური გადახალისების მორიგი მცდელობა?

ანტიკორუფციული კამპანია თუ კოსმეტიკური გადახალისების მორიგი მცდელობა?

ირაკლი კობახიძის მთავრობა ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ანტიკორუფციულ კამპანიას აწარმოებს. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კამპანია უფრო სელექციურ და კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე სისტემურს. მაგალითად, კორუფციაში ოფიციალურად ეჭვმიტანილი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი – ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს და რთული სათქმელია, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული სასამართლო გამოიტანს თუ არა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს.

ჯერჯერობით პროკურატურა არაფერს ედავება სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ დაჭერილები არიან მისი გარემოცვის წევრები: ანდრია ლილუაშვილი და კობა ხუნდაძე. ასევე უცნობია, თუ რა ბედი ეწევა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომლის მოადგილე, კობა გაბუნია უკვე დაჭერილია. დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილიც, თუმცა არაფერი ისმის თავად დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრალეულობის შესახებ.

მოკლედ, როგორც ფეისბუკზე ამბობენ ხოლმე, „მოადგილეებს იჭერენ“. ამ წესიდან ჯერჯერობით ერთადერთი გამონაკლისი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეა, რომელიც სექტემბერში სკანდალურად დააკავეს.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გავლენიან ფიგურებს ჯერჯერობით არ აკავებენ, ანტიკორუფციულმა კამპანიამ მაინც მიიღო სერიოზული სახე და შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებაში“ უსაფრთხოდ, ივანიშვილისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების გარდა, უკვე აღარავინაა. კორუფციაში კი, შეიძლება, ბევრი მაღალი და დაბალი თანამდებობის პირია გახვეული.

უკიდურესი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდში გამეფებულ უკონტროლო კორუფციაზე აქამდე არაფერი იცოდა. ისიც დაუჯერებელია, რომ ივანიშვილს აქამდე ღარიბაშვილისა და სხვების დასჯა არ შეეძლო და მხოლოდ ახლა მიეცა ამის საშუალება. მაშ, რით აიხსნება „ქართული ოცნების“ მიერ მაინცდამაინც ახლა ამგვარი კამპანიის წამოწყება? ვფიქრობ, იმაზე დაყრდნობით, რაც ზედაპირზე ჩანს (მმართველი გუნდის შიგნით და, მით უმეტეს, ერთი ადამიანის თავში დანამდვილებით რა ხდება, ამის გამოცნობა რთულია), მინიმუმ, ორ სავარაუდო მიზეზზე შეგვიძლია საუბარი. 

პირველი მიზეზი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ივანიშვილი მორიგ ჯერზე ცდილობს თავისი იმიჯის გარდაქმნას ამომრჩევლების თვალში. მისი მარტივი, მაგრამ პოლიტიკურად კარგად დაცდილი სტრატეგია შემდეგნაირად გამოიყურება: თავად ძირითადად კულისებს მიღმა რჩება (და, შესაბამისად, ის არ იღებს ოფიციალურ პასუხისმგებლობას მისი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე), თუმცა ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა გადაახალისოს და ამით განვითარების იმიტაცია შექმნას. ასე მივედით ღარიბაშვილიდან კვირიკაშვილამდე, კვირიკაშვილიდან (მამუკა ბახტაძის გავლით) გახარიამდე, გახარიადან „განახლებულ“ ღარიბაშვილამდე (ან „ღარიბაშვილ 2.0“-მდე) და შემდეგ უკვე კობახიძემდე. 

ყოველ ჯერზე, ივანიშვილი, ისე, როგორც კერძო კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი, გვთავაზობს მაღალი რანგის „მენეჯერების“ ნაწილობრივ განახლებულ შემადგენლობას. მინიმუმ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ტრადიციული ბირთვისთვის, ყოველ ჯერზე, იქმნება იმის განცდა, რომ ამჯერად რაღაც ახალი კეთდება. ბევრი მათგანისთვის ეს იმის მაქსიმუმია, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში გაკეთდეს, ვინაიდან მმართველობითი სისტემის თვისებრივი გარდაქმნა მათ ან არ სურთ, ან ეს პრინციპულად შეუძლებელი ჰგონიათ.

ამავე დროს, „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიკორუფციული კამპანია მხოლოდ მოჩვენებითი განახლების აუცილებლობით ვერ აიხსნება. ასეთი კოსმეტიკური გადახალისების მცდელობები ივანიშვილს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქამდეც არაერთხელ ჰქონია. ამჯერად, ხელისუფლების ამ ფსევდოტრანზიციამ, მმართველი პარტიის სტანდარტებით, ზედმეტად აგრესიული ფორმა მიიღო. 

მიმდინარე „გადახალისების“ სიხისტე განპირობებულია იმით, რომ ივანიშვილი, როგორც რაციონალური პოლიტიკური აქტორი, ცდილობს, მწვავე პოლიტიკური ვითარების პროპორციულად იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე აქამდე არასდროს მდგარა:

საქართველოს მთავრობის არაერთი წევრი, მათ შორის, მმართველი პარტიის დე ფაქტო ლიდერი, ივანიშვილი, სანქცირებულია დასავლეთის მიერ. ბოლო თვეებში არჩევნების ლეგიტიმაციის შესახებ გაჩენილმა კითხვებმა უამრავი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. პროტესტის არაერთი მონაწილე ციხეშია და ცივილიზებული მსოფლიოს თვალში, ისინი პოლიტპატიმრებად არიან მიჩნეულები (ოქტომბერში, პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა „სახაროვის პრემია“ მიანიჭა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა). 

ასეთ არასახარბიელო ვითარებაში, ივანიშვილს ნაცადი პოლიტიკური ხერხების (ან „ტრიუკების“) წინანდელზე მეტი სიმძაფრით გამოყენება სჭირდება. მიმდინარე ანტიკორუფციული კამპანიაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მისი მეშვეობით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამომრჩევლების ნაწილი მაინც დაარწმუნოს იმაში, რომ „ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება“. 

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის მხრიდან ნაცადი პოლიტიკური წამლის დოზის გაზრდამ შესაძლოა არასახარბიელო შედეგებიც გამოიწვიოს: თუ „ქართული ოცნება“ ამ ანტიკორუფციულ კამპანიას საკმარისად სელექციურად არ გამოიყენებს და მის ფარგლებში, საკუთარი ძალაუფლების გამამყარებელ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებსაც მისდგება, შანსია, რომ ეს დაჭერები ბუმერანგივით მიუბრუნდეს უკან. 

კლეპტოკრატიულ სისტემაში ანტიკორუფციული კამპანია სისტემის ბალასტს მხოლოდ მაშინ არ არყევს, თუ ლოიალისტებისა და მტრების გამიჯვნა ფრთხილად, მაგრამ მაინც ხდება. სხვა შემთხვევაში, არსებობს იმის შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტი მოჭრას, რომელზეც ზის – საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო რესურსების ექსტრაქციაზე (კორუფციაზე) დაგეშილი ლოიალისტების ეგზისტენციალურ ინტერესებს.

მმართველ გუნდში შიდა ბუნტზე ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს. ეს დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ დაჭერები მკაცრად სელექციურია და მიუყვება პატრონ-კლიენტელისტური ქსელების საზღვრებს. საზოგადოებაში არსებობს იმის განცდა, რომ ანტიკორუფციული კამპანიის მიზანი კორუფციის სისტემურ დონეზე აღმოფხვრა კი არა, კონკრეტული კლანების დასჯაა. 

ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ გავლენიან ლოიალისტებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ თუ დროზე გადავლენ გამარჯვებულ ბანაკში, მათ არავინ შეეხებათ. ბევრი ოპორტუნისტის პერსპექტივიდან, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რასაც მათ მმართველი პარტია სთავაზობს თავის გადასარჩენად, სრულიად საკმარისი და გარემოებების გათვალისწინებით, დამაკმაყოფილებელია.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ისიც დავასკვნათ, რომ ჯერჯერობით, ივანიშვილის მიერ კობახიძის ხელით წამოწყებული ანტიკორუფციული კამპანია თავის მიზანს ნაწილობრივ მაინც აღწევს: ის მმართველი გუნდის იმიჯს კოსმეტიკურად ცვლის ისე, რომ საფრთხეს არ უქმნის „ქართული ოცნების“ სასიცოცხლო ინტერესებს. 

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად დამაჯერებელი იქნება „ქართული ოცნების“ ბევრი ამომრჩევლისთვის და შედარებით ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ხელისუფლების მორიგი მცდელობა, ზედაპირულ დონეზე მაინც, დადგეს წარსულ ცოდვებზე მაღლა. მორალური თვალსაზრისით, ეს სელექციური და კოსმეტიკური ანტიკორუფციული კამპანია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად არადემოკრატიულ და კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემაში გვიწევს ყოფნა.