2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო და ისინი „უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის“ მიზანს ემსახურება.
ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა; შრომითი საქმიანობის უფლება, რომელიც გაიცემა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელი შეძლებს, საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა როგორც ადგილობრივ დამსაქმებელთან, ისე დამოუკიდებლად ან დისტანციური ფორმით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს. ამასთან, შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად განაცხადს თვითდასაქმებული უცხოელი წარადგენს უშუალოდ; ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმების შემთხვევაში კი განაცხადს დამსაქმებელი წარადგენს.
განაცხადის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. მომსახურების საფასური კი განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ, თუ უცხოელი საქართველოში არ იმყოფება, ვალდებულია 30 დღის ვადაში მოითხოვოს D1-ვიზა; თუ უკვე საქართველოშია, 10 დღის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურს შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
აღსანიშნავია, რომ ეს წესები არ გავრცელდება ლტოლვილებზე, თავშესაფრის მაძიებლებზე, დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე.
შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხოელის დასაქმება გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 2 000 ლარით თითოეულ შრომით იმიგრანტზე; შრომითი იმიგრანტის ან თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას ასევე 2 000 ლარით. კანონის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება ორმაგი და სამმაგი ოდენობით.
შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენაზე უარის თქმა ასევე ითვალისწინებს დაჯარიმებას, რომლებიც დამსაქმებლის შემოსავლის მიხედვით 1 000 ლარიდან 7 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელისთვის შემთხვევაში 5 000 ლარით არის განსაზღვრული.











