საქსტატი: 2025 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2025 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე, 7.29 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.2%-ს შეადგენს. 2025 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა და 3.36 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამავე პერიოდში, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული კი ასე ჩამოყალიბდა: რუსეთი (700.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (301.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (298.8 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 378.9 მლნ. აშშ დოლარით. მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ამ ჯგუფის წილი 11.3%-ს უტოლდება. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოებია, 266.5 მლნ. აშშ დოლარით. ამ ჯგუფზე მთლიანი ადგილობრივი
ექსპორტის 7.9% მოდის. მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს 236.8 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0%-ს შეადგენს.