The Kyiv Independent: ფინეთი EU-ში რუსების მიმოსვლის პრაქტიკულად სრულად შეჩერებას ითხოვს

The Kyiv Independent: ფინეთი EU-ში რუსების მიმოსვლის პრაქტიკულად სრულად შეჩერებას ითხოვს

ფოტო: Getty Images

ფინეთი ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის თითქმის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ევროკავშირს ხუთი წინადადება წარუდგინა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბლოკში შესვლასა და გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ამის შესახებ The Kyiv Independent-ი წერს, გამოცემის მიერ ნანახ, 12 ოქტომბრით დათარიღებულ წერილზე დაყრდნობით.

„კრემლმა უნდა დაინახოს, რომ აგრესიის გაგრძელება მის იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. გთხოვთ, ეს წინადადებები გადაუდებელ პრიორიტეტად განიხილოთ“, – წერს ვალტონენი წერილში, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად გავრცელდა.

ფინეთის პირველი მოთხოვნაა, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტოს იმ მოგზაურობებისთვის, რომლებიც აუცილებელი არ არის, მათ შორის ტურისტული მიზნით. ვალტონენის განცხადებით, ფინეთმა რუსი მოგზაურებისთვის შეზღუდვები ჯერ კიდევ 2022 წელს შემოიღო, თუმცა ევროკავშირის მასშტაბით ტურისტული ვიზების აკრძალვას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, ეწინააღმდეგება. ფინეთი დროებით მხარს დაუჭერს გერმანიის წინადადებასაც, რომელიც ვიზების მოქმედების ტერიტორიის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მეორე მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირებისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ყველა პირისა თუ ორგანიზაციისთვის ვიზების გაცემის სავალდებულო აკრძალვას ეხება.

მესამე წინადადებით, ფინეთი ევროკავშირს მოუწოდებს, ვიზები არ გასცეს რუს სპორტსმენებსა და სპორტული გუნდების წევრებს, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირები აქვთ. საკითხის განხილვაში 12 ოქტომბერს სპორტის საკითხებში ევროკავშირის კომისარი გლენ მიქალეფიც მიიღებს მონაწილეობას. ეს მისი პირველი დასწრება იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ჰელსინკი ასევე ითხოვს, ევროკავშირმა ბლოკში შესვლა აუკრძალოს რუსეთის ყოფილ მებრძოლებს. მსგავსი წინადადება ევროკავშირის სანქციების მე-21 პაკეტში ჯერ კიდევ ივლისში განიხილებოდა, თუმცა წევრმა ქვეყნებმა აღსრულების მექანიზმზე შეთანხმება ვერ შეძლეს და ინიციატივა თავდაპირველი ფორმით არ დამტკიცდა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამაც გააფრთხილა ევროკავშირი რუსეთის ყოფილი მებრძოლების ბლოკში შესვლის შესაძლო საფრთხეების შესახებ. მისი თქმით, მათგან ბევრი რუსეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს.

ფინეთის მეხუთე მოთხოვნა ევროკომისიას ეხება. ვალტონენი ითხოვს შენგენის სავიზო კოდექსში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომლებიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მესამე ქვეყანასთან პოლიტიკური ან უსაფრთხოების ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ვიზებთან დაკავშირებული სავალდებულო შეზღუდვები სწრაფად და თანმიმდევრულად დააწესოს.

ევროკომისია იანვარში სავიზო კანონმდებლობის განახლებული ვერსიის წარდგენას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ახალი წესები უფრო მკაცრ მიდგომას გაითვალისწინებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან, მათ შორის რუსეთის მიმართ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი