24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა

24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა

ფოტო: Getty Images

 

დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 23 ქვეყნის ინიციატივით, საქართველოსთან მიმართებით ეუთოს (OSCE) „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. აღნიშნული ნაბიჯი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შეფასებას და შესაბამისი ფაქტების დადგენას ისახავს მიზნად.

განცხადება შვედეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ელჩმა ანა ოლსონ ვრანგმა გაავრცელა. იგი ამ განცხადებით შემდეგი ქვეყნების სახელით საუბრობს: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

მოცემული ქვეყნები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას „ზრდადი შეშფოთებით“ აკვირდებიან. მათივე თქმით, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, რომლებიც ორგანიზაციის ხედვით მშვიდობის, სამართლიანობისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში 38 მონაწილე სახელმწიფომ უკვე გამოიყენა ეუთოს ვენის მექანიზმი, რათა საქართველოსგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ არ გასცა პასუხი არსებით კითხვებს, მათ შორის 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში აქციების დროს პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე. იმ პერიოდში ეს ქმედებები შეფასდა როგორც „მოქალაქეთა მიმართ უკანონო ძალადობა, რომელიც შესაძლოა წამებას უტოლდებოდეს“, თუმცა , როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დღემდე არც ერთი ოფიციალური პირი პასუხისგებაში არ მიუციათ.

ქვეყნების განცხადებით, შეშფოთებას იწვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაც. როგორც ისინი შენიშნავენ, ვენის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ათეულობით ადამიანი დააკავეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის კი არიან ჟურნალისტები და ოპოზიციის ლიდერები.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ინიციატივას წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ცხრა ლიდერს ბრალი წაუყენეს და ზოგიერთ მათგანს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეუთოს წევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიული ნორმების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

„მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედებით, ქვეყნებმა ოფიციალურად მიმართეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მარია ტელალიანს, ექსპერტთა ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის თხოვნით. მისიის მიზანი იქნება საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შეფასება, განსაკუთრებით 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენების კონტექსტში.

მისია მოიცავს:

  • საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით ბოლო პერიოდის მოვლენების დოკუმენტირებას;

  • მათი გავლენის შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, სამართლის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ პლურალიზმზე;

  • პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციების შემუშავებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედროების ყოფნის გათვალისწინებით, მისია მუშაობას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე განახორციელებს და შეფასება გენდერულად მგრძნობიარე მიდგომით ჩატარდება.