ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა - ტელეკომპანიის ახალი მფლობელი ცნობილია

ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა - ტელეკომპანიის ახალი მფლობელი ცნობილია

ირაკლი რუხაძემ „იმედი“ გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. რუხაძემ ახალი მფლობელის ვინაობაც გაასაჯაროვა. მისი თქმით, „იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი“ გახდება, ხოლო დანარჩენი 50% მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში იქნება.

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება,“ – აცხადებს ირაკლი რუხაძე. მისივე განმარტებით, 2018 წელს „იმედის“ შეძენა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის თხოვნით გადაწყდა. როგორც აღნიშნავს, ტელევიზიის ფლობა ბიზნესგეგმებში არ შედიოდა და პარტნიორების ნაწილი ამ ნაბიჯს არ ეთანხმებოდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „იმედის“ ფლობა ბიზნესჯგუფისთვის ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა და დამატებით სირთულეებს ქმნიდა ძირითად საინვესტიციო საქმიანობაში. რუხაძის შეფასებით, გასული წლების განმავლობაში დასახული მიზნები მეტ-ნაკლებად შესრულდა, რის გამოც, მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში არხის დატოვება „ყველაზე გონივრულ გამოსავლად“ მიიჩნიეს.

„პრაიმ მედია გლობალი“ „იმედთან“ რეკლამის გაყიდვების მიმართულებით წლებია, თანამშრომლობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაფინანსება და შეინარჩუნოს არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში.