ფოტო: Robert Michael / picture alliance / Getty Images
სამშაბათს, 10 თებერვალს, Spotify-ის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც შვედურმა აუდიოსტრიმინგის პლატფორმამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მათ შორის, Spotify-მ რეკორდული ზრდა აჩვენა აქტიური მომხმარებლების მიმართულებით. კომპანიის განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი წლიურმა კამპანია „Spotify Wrapped“-მა ითამაშა.
საფონდო ბირჟების გახსნის შემდეგ Spotify-ის აქციების ღირებულება 19.1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 494 დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ერთდღიანი ზრდაა.
Spotify-ის ინფორმაციით, კომპანიამ კვარტალში 4.53 მილიარდი ევროს შემოსავალი და ერთ აქციაზე 4.43 ევროს მოგება დააფიქსირა. ანალიტიკოსები საანგარიშო პერიოდში პლატფორმის მიერ 4.52 მილიარდი ევროს შემოსავლისა და 2.75 ევროს მოგების მიღებას ელოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ Spotify-მ ბაზრის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მონაცემების მიხედვით, პლატფორმის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა წლიურად 11%-ით გაიზარდა და 751 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების პროგნოზი 744.7 მილიონი იყო. მხოლოდ ბოლო კვარტალში მომხმარებელთა რაოდენობა 38 მილიონით გაიზარდა, რაც Spotify-ისთვის კვარტალურ ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომპანიის განმარტებით, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი „Spotify Wrapped“ იყო, რომელიც წლის ბოლოს მომხმარებლებს მოსმენების პერსონალიზებულ მიმოხილვას სთავაზობს. წელს კამპანიაში 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და ჯამში სოციალურ მედიაში 630 მილიონზე მეტი გაზიარება დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათამდე Spotify-ის აქციების ფასი წლიურად დაახლოებით 28%-ით იყო შემცირებული, კერძოდ, წლის დასაწყისში 575 დოლარიდან ფასი ორშაბათს 414.84 დოლარამდე დაეცა. ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 476 დოლარად ივაჭრება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 98 მილიარდ დოლარს აჭარბებს.








