Reuters-ის ინფორმაციით, ალტერნატიული აქტივების მმართველმა მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანია Blackstone-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში ინვესტიცია გაზარდა და კომპანიის წილი დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე აიყვანა. როგორც მედიასააგენტო წერს, ამის შესახებ საკითხთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
წყაროს ინფორმაციით, Blackstone-ი დაფინანსების მიმდინარე რაუნდის ფარგლებში სტარტაპში დამატებით 200 მილიონ დოლარს აბანდებს. გარიგება Anthropic-ს დაახლოებით 350 მილიარდ დოლარად აფასებს.
Amazon-ისა და Alphabet-ის მიერ მხარდაჭერილი Anthropic-ი Claude-ის სახელწოდებით ცნობილ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ავითარეს. გასულ კვირას კომპანიამ ახალი სისტემა, Opus 4.6, წარადგინა. კომპანიის განცხადებით, განახლებული მოდელი მომხმარებლებს მსჯელობის, კოდის წერისა და კომპლექსური ტექსტის გენერირების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
Opus 4.6 ასევე გათვლილია უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ მუშაობაზე, მათ შორის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ფინანსური ანალიზი.
Anthropic-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციების ფასის შემცირებას დაემთხვა. ევროპასა და აშშ-ში აღნიშნული სექტორის აქციების ღირებულება გასულ კვირას მნიშვნელოვნად დაეცა, რისი მიზეზიც ინვესტორებში შიშის ზრდაა. ისინი ფიქრობენ, რომ გენერაციული AI-ის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნა შეამციროს.












