ფოტო: bankrate.com
ხუთშაბათს, 12 თებერვალს, ძვირფასი ლითონების ფასები მოულოდნელად შემცირდა. მათ შორის 10%-ზე მეტით იკლო ვერცხლის ღირებულებამ. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ანალიტიკოსები ამას ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ვარდნისა და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინს უკავშირებენ.
ვერცხლის ფასმა ხუთშაბათს 84.88 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა მოულოდნელად კლება დაიწყო და 74.58 აშშ დოლარზე ჩამოვიდა. ამჟამად ძვირფასი ლითონის ღირებულება მცირედ არის გაზრდილი და 76 აშშ დოლარს აჭარბებს.
ვერცხლთან ერთად გუშინ ოქროს ღირებულებაც დაეცა. ხუთშაბათს მისი ფასი 5,100 აშშ დოლარს გადასცდა, თუმცა მოგვიანებით 4,900 აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შემდეგ ძვირფასი ლითონის ღირებულება კვლავ გაიზარდა და ამჟამად 4950 აშშ დოლარს მცირედ აღემატება.
Forbes-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზრის უეცარი ცვალებადობა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის აქციების მოულოდნელმა გაყიდვებმა განაპირობა, თუმცა სფეროს ექსპერტების განმარტებით, ფასების ვარდნა, როგორც ჩანს, „ნაკადით“ იყო განპირობებული და არა „ფუნდამენტური“ მიზეზით.
იანვრის ბოლოს რეკორდული შედეგების დაფიქსირების შემდეგ, რომლის დროსაც ოქროს ფასმა 5,600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ – 120 აშშ დოლარს, ძვირფასი ლითონების ფასები რამდენიმე კვირაა, მერყეობით ხასიათდება. თავდაპირველად, მათი ფასი მოულოდნელად მას შემდეგ დაეცა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კევინ უორში ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეობის თავის კანდიდატად გამოაცხადა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ლითონების ღირებულება მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არასტაბილური დარჩება.












