ფოტო: Zamin.uz
აშშ-მა და უზბეკეთმა კრიტიკული მინერალების შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ვაშინგტონს ცენტრალური აზიის ქვეყნის რესურსებზე ხელმისაწვდომობას გაუმარტივებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გზით კრიტიკულ რესურსებსა და მათ მიწოდების ჯაჭვზე ჩინეთის დომინირებას ებრძვის.
როგორც გეგმის მონახაზშია აღნიშნული, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასა (DFC) და ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას შორის „ერთობლივი საინვესტიციო ჩარჩო“ ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის წინსვლას ისახავს მიზნად.
DFC-ის გეგმის თანახმად, ის პრიორიტეტს მიანიჭებს ინვესტიციებს კრიტიკული მინერალების ღირებულების ჯაჭვში, მათ შორის კვლევაში, მოპოვებასა და გადამუშავებაში, და გვთავაზობს აშშ-უზბეკეთის ერთობლივ ახალ საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანიას მინერალებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება აქტიურად დაიწყო. ეს ნაბიჯი რეგიონში, სადაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენა ტრადიციულად დიდია, აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ემსახურება.
ნოემბერში ტრამპმა თეთრ სახლში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებთან ერთად უზბეკ კოლეგას, შავკატ მირზიიოევსაც უმასპინძლა. ამ თვის დასაწყისში კი მინერალებთან დაკავშრებით სამიტი გამართა, რომლის შედეგადაც 11 ქვეყანასთან, მათ შორის უზბეკეთთან, კრიტიკული მინერალების მარაგების შესახებ ურთიერთგაგების საწყისი მემორანდუმები გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ უზბეკეთს ოქროს, ურანისა და სპილენძის მარაგი აქვს. ის ასევე ფლობს ათობით კრიტიკული მინერალის, მათ შორის ლითიუმისა და ვოლფრამის, მნიშვნელოვან აუთვისებელ მარაგებს. ეს მინერალები თანამედროვე ტექნოლოგიებში აქტიურად გამოიყენება.










