თბილისის საქალაქო სასამართლომ „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე გოგლიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დააკავეს.
გოგლიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივანე გოგლიძე, გუშინ, ფინსანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის თანამშრომელთა კვებისთვის სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვების მიწოდების ბრალდებით დააკავა.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირმა, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2025 წელს, გორში მდებარე საწარმოში დაამზადა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი და ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საკვების მიმღები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის,“ – წერია საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, შპს „ბატონოს“ და „გორის საკონსერვო ქარხანა – კულას“ 100%-იან წილს ლეილა ლონდარიძე ფლობს. ივანე გოგლიძე კი ორივე კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებს.








