„ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვები წლინდან წლამდე იზრდება. კომპანიაში ამბობენ, რომ გაყიდვების სტაბილურ ზრდასთან ერთად, მთავარი ამბავი გასულ წელს მაინც მომხმარებლის გემოვნებისა და ბრენდების მიმართ დამოკიდებულების ტრანსფორმაცია იყო, რამაც ბაზარი ერთგვარად „გარდაქმნა“. ეს ცვლილება კი კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდი ზრდის საფუძველს უქმნის.
კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში რამდენიმე წამყვან ბრენდს წარმოადგენს ოფიციალურად – მათ შორის BMW ჯგუფის ბრენდებს. ამ ჯგუფში შემავალი ბრენდების – BMW-ს, MINI-სა და BMW Motorrad-ის გაყიდვების ხელმძღვანელი, თამუნა დიასამიძე ამბობს, რომ გასულ წელს ყველაზე თვალსაჩინო ტენდენცია მაინც BMW-ს გაყიდვების მკვეთრი ზრდა იყო. 2025 წელს ბრენდმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 28%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო 2022 წელთან შედარებით (ვიდრე „ჯი-თი მოტორსი“ ოფიციალური წარმომადგენელი გახდებოდა) 435%-იანი ზრდა. ამ ზრდის სტიმულირებისთვის კომპანია მრავალი მიმართულებით მუშაობს. მას შემდეგ, რაც „ჯი-თი მოტორსი“ BMW ჯგუფის ოფიციალური წარმომანგენელი გახდა, ჯგუფში შემავალ ბრენდებზე ადგილობრივ ბაზარზე მეტი მოთხოვნა შეიქმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამას განაპირობებს მოდელების დიდი არჩევანი, მარკეტინგის სტრატეგია, მაღალი ხარისხის სერვისი და მოქნილი შეთავაზებები.
ზრდის პროცენტული მაჩვენებლები მიუთითებს, რომ პრემიუმ სეგმენტში მოთხოვნა არა მხოლოდ სტაბილურია, არამედ აქტიურად იზრდება. გაზრდილია MINI-ს გაყიდვებიც, რაც მეტყველებს ახალგაზრდა, ურბანული და სტილზე ორიენტირებული მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის ზრდაზე. და ასევე ცალკე აღსანიშნავია BMW Motorrad-ი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა „ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში შემოიყვანა და გაყიდვები უკვე კარგად აჩვენებს ამ ბრენდის პოტენციალს ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების მხრივ.
„გლობალური სურათი აჩვენებს, რომ BMW წარმატებით ინარჩუნებს პოზიციებს პრემიუმ ბაზარზე. დღეს საქართველოს ბაზარზე მომხმარებელი სულ უფრო მეტად აფასებს ბრენდის სანდოობას. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომ სერვისს და შენაძენს აფასებს იმით, თუ რამდენად გრძელვადიანია მისი ღირებულება. MINI კი უფრო უბრანულ და ახალგაზრდა აუდიტორიაშია პოპულარული. ეს არის მომხმარებელი, რომლისთვისაც დიზაინი, ინდივიდუალიზმი და მდგრადი ღირებულებები გადამწყვეტი ფაქტორებია.“ – აცხადებს თამუნა დიასამიძე, BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი.
2025 წელს კომპანიამ გაყიდვების სტიმულირებისთვის მასშტაბური მარკეტინგული ღონისძიებები დაგეგმა. მათი დიდი ნაწილი სწორედ BMW ჯგუფის ბრენდების მოდელების გაყიდვების სტიმულირებაზე იყო ორიენტირებული. „ჯი-თი მოტორსში“ აცხადებენ, რომ გამოცდილებაზე დამყარებულმა მარკეტინგმა გასულ წელს ძალიან თვალსაჩინო შედეგები გამოიღო, თუმცა გაყიდვების ნაწილში სხვა სტიმულებიც იყო.
„ვფიქრობ, გაყიდვების სტიმულირების მთავარი ფაქტორი წელს დაბალანსებული პორტფელი და მომხმსრებელზე ორიენტირებული მიდგომები იყო. როცა ვსაუბრობ დაბალანსებულ პორტფელზე, ვგულისხმობ ახალი და განახლებული მოდელების ბაზარზე დროულად შემოყვანას, მოქნილ შეთავაზებებს და აქცენტს გამოცდილებაზე დაფუძნებულ მარკეტინგზე – რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინტერესს ბრენდების მიმართ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად მუშაობს, რადგან თანამედროვე ავტოინდუსტრიაში მომხმარებელი უკვე არამხოლოდ ავტომობილს, არამედ მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ემოციასა და ღირებულებებს ყიდულობს. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი ავტომობილების გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ იმ მარკეტინგულმა აქტივობებმა შეასრულა, რომლებიც მომხმარებელს ბრენდთან გრძელვადიან ურთიერთობებს უყალიბებდა. ეს იყო მარკეტინგული ღონისძიებები, ერთობლივი თავგადასავლები, სხვადასხვა ბრენდის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებების შექმნა, სპორტული აქტივობები და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები.“ – ამბობს თამუნა დიასამიძე.
გასულ წელს „ჯი-თი მოტორსისთვის“ ახალი ეტაპი დაიწყო. კომპანიამ ბაზარზე შემოიყვანა მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი BMW Motorrad-ი. ბრენდი საქართველოს ბაზარზე სექტემბრის თვეში შემოვიდა და ბოლო კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩეოდა გაყიდვების მხრივ. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აქაც მთავარი როლი ბრენდის მიმართ მაღალი ნდობის ფაქტორმა ითამაშა.
„BMW Motorrad-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდია მოტორადების სეგმენტში. მას მრავალწლიანი ისტორია, ტექნოლოგიური უპირატესობა და თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ამ ბრენდის შემოყვანა საქართველოში დიდი გამოწვევაა, რადგან მოიცავს არამხოლოდ პროდუქტის წარმოჩენას, არამედ მასთან დაკავშირებული კულტურის პოპულარიზაციასა და ცხოვრების სტილის დამკვიდრებას. ანუ, ბაზარზე ბრენდის დამკვიდრება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ეფუძნება არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ ეკოსისტემის შექმნას – სერტიფიცირებულ სერვისს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, მართვის ტრენინგებსა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ BMW Motorrad-მა მოკლე პერიოდში შეძლო ბაზარზე საკუთარი ნიშის გამოკვეთა და მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოტორადების სეგმენტში განსაკუთრებულად წარმატებულნი არიან ის ბრენდები, რომლებიც მომხმარებელს ერთიან გამოცდილებას სთავაზობენ – და ეს მოტორადებთან ერთად მოიცავს თავისუფლების, თავგადასავლებისა და პასუხისმგებლიანი მართვის ფილოსოფიას.“ – აცხადებს BMW-ს, MINI-ს, BMW Motorrad-ისა და Suzuki-ს გაყიდვების ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.
„ჯი-თი მოტორსისთვის“ მდგრადი მიზნები 2025 წელსაც აქტუალური იყო. კომპანიამ დიდი რესურსი ჩადო ელექტრო ავტომობილების გაყიდვების ხელშეწყობაში. ელექტრომობილების მიმართ მოთხოვნის ზრდა დღეს უკვე გლობალური ტენდენციაა და გამონაკლისი არც ქართული ბაზარია. საერთაშორისო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წილი მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და აზიის წამყვან ბაზრებზე. BMW Group-ის სტრატეგია სრულად ეხმიანება ამ პროცესს: კომპანია აქტიურად ზრდის ელექტრიფიცირებული მოდელების პორტფელს და მიზნად ისახავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიღწევას გრძელვადიან პერსპექტივაში.
„გასულ წელს მომხმარებელს დამატებით სტიმულებს ვუქმნიდით, რათა არჩევანი სწორედ „მწვანე“ პროდუქტზე შეეჩერებინა. ამისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო სააქციო შეთავაზება MINI-ს ელექტრო ავტომობილებზე, რომელიც ჩვენს პარტნიორ საბანკო პროდუქტთან, SOLO-სთან პარტნიორობით შევიმუშავეთ. ამ მარკეტინგულმა ინიციატივამ პროგრესი მოგვცა როგორც გაყიდვების ნაწილში, ასევე ზოგადად- ადგილობრივ ბაზარზე ელექტრო ავტომობილების პოპულარიზაციისა და ემისიების შემცირებაზე ორიენტირებული ცხოვრების სტილის დამკვიდრების მხრივ. ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს გეგმები – შედეგებს კი მომავალ წელს, ამ დროს ისევ დავითვლით…“ – ამბობს თამუნა დიასამიძე.
ზოგადად – ადგილობრივ ბაზარზე ელექტრომობილების პოპულარიზაციას ხელს უწყობს როგორც ტექნოლოგიური პროგრესი, ისე მომხმარებლის მზარდი ინტერესი ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ცხოვრების სტილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, მოთხოვნის ტენდენცია ცალსახად მზარდია. მომხმარებელი სულ უფრო ხშირად არჩევანს აკეთებს ელექტრო მოდელებზე არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის გამო, არამედ ეკონომიური ექსპლუატაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
S











