სტატიის წარმდგენია ინერი, პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ავტორი: ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი
“ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე და…“ – ფსიქოთერაპია და თანამგრძნობი უგრძნობი „ყოვლისმცოდნე“
„ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე და…“
„ხელოვნურ ინტელექტთან განვიხილე ეს საკითხი და…“
„იცით, იმ დღეს, მომინდა, ხელოვნურ ინტელექტთან გადამემოწმებინა და…“
„იმდენად უმწეოდ და მარტოსულად ვიგრძენი თავი, რომ ხელოვნურ ინტელექტს დავეკითხე და…“
..და მიპასუხა.
ადამიანებს, − რომლებსაც პასუხები სწყურიათ, − დღეს უკვე აქვთ თუ ჰყავთ რაღაც, რომელიც იმ ვიღაცას განასახიერებს, ვის არსებობასაც ბევრი ჩვენგანი ისურვებდა: თანამგრძნობი „რაღაც“, რომელიც იმას გასცემს, რის მიღებასაც „ვიღაცისგან“ ვისურვებდით.
რას ვთავაზობთ ადამიანები ერთმანეთს იმ ეპოქაში, რომელშიც არსებობს „ხელოვნური მეგობარი“ (თუ კაზუო იშიგუროს „კლარა და მზეს“ დავესესხებით სიტყვათშეთანხმებას), რომელიც გაცილებით გულისხმიერი და გაცილებით „სულიერია,“ ვიდრე − ბევრი სულიერი?
დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი თითქმის უზადოდ აყალიბებს ისეთ სიტყვათწყობებს, რომელთაც ჩვენი წარმოსახვის ძალით, შეგვიძლია, „სულიერება“ მივანიჭოთ.
მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შემიძლია, თანაგრძნობა – თანაგანცდისთვის მივმართო ან იმ შემთხვევაში, თუ ვისურვებდი, ვინმეს მაინც გაეგო ჩემი ქცევების საფუძველი და გაკიცხვის გარეშე შემოეთავაზებინა ჩემთვის ჩემივე ქმედებების მიზეზების თუ მამოძრავებლების ახსნა. თუ ადამიანებთან ურთიერთობაში ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებ, შემიძლია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენადმე მაინც, დავიკმაყოფილო ეს ზოგადადამიანური მოთხოვნილებები.
ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ ვერსიებს შეუძლიათ, ენობრივად უზადოდ ჩამოაყალიბონ სიტყვათწყობები, რომლებიც თანაგრძნობა – თანაგანცდის გამომხატველია. ძლიერი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებს კი, შეუძლიათ, ამ სიტყვათწყობებს მიაწერონ (Projection) − ანუ, წარმოიდგინონ − ისეთი არაენობრივი მახასიათებლები, რომლებიც თანამგრძნობ დამოკიდებულებას ახასიათებს.
მაგალითად, ძლიერი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სიტყვები, − რომელთაც ხელოვნური ინტელექტი მათ ეუბნება, − წარმოიდგინონ, როგორი ტონით, ტემბრით ან როგორი გამომეტყველებით წარმოითქმება.
შესაბამისად, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც ენის ქმნილებები – სიტყვათწყობები და ა. შ. – ჩვენი წარმოსახვის „გაცხოველებისთვის“ თითქმის შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ ვისურვებდით, ადამიანებისგან მიგვეღო თანაგრძნობისა თუ თანაგანცდის, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების, ანგარიშვალდებულების უნარის იმდენად თვალსაჩინო, მკაფიო და ცხადი ენობრივი დასტური, როგორის გაცემაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია.
და, თუ ადამიანების უდიდესი ნაწილი მიჩვეულია წარმოსახვითისა და გარემოში არსებულის „გზაგასაყარზე“ ცხოვრებას; მიჩვეულია, წარმოსახვით და წარმოსახვაში დაიკმაყოფილოს ის მოთხოვნილებები, რომელთაც გარემოში ვერ იკმაყოფილებს? და, თუ ადამიანი ფსიქოთერაპიას კურნებისთვის, წარმოსახვითსა და გარემოში არსებულს შორის „დაზავებისთვის“ მიმართავს და ის არათუ აახლოებს საკუთარ და სხვის ადამიანურობასთან, იმასთან, რომ ცოცხალი არსებები ვართ, არამედ უფრო აშორებს ამ მდგომარეობას? იქნებ, ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის მოაზრებული „მანძილი“ და უთანასწორო ურთიერთობა არათუ აახლოებს ადამიანებს საკუთარ თავთან, სიცოცხლესთან და ცხოვრებასთან, არამედ აშორებს? რამდენად კურნავს ადამიანს ის უნებლიე დაშვება, რომ ფსიქოთერაპევტი „ცოდნის მფლობელია“, ხოლო თავად – „ნაკლოვანი“ და „სნეული“? რამდენად და რა შემთხვევაში ეხმარება ადამიანს ის, რომ მან, როგორც პაციენტმა თითქმის არაფერი არ იცის მის ფსიქოთერაპევტზე, ხოლო მასთან, თითქოს, უსიტყვო შეთანხმება იდება იმაზე, რომ გულწრფელი უნდა იყოს; ენდოს სრულიად უცნობ ადამიანს და, იქნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ფსიქოთერაპევტია?
რაში და რისთვის ვჭირდები ადამიანებს მე, როგორც ფსიქოთერაპევტი, როდესაც ჩემი განსახიერება − თუნდაც, ჩემი სიტყვათწყობის, − შესანიშნავად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს? როგორ შეიცვლება ჩემი, − როგორც ფსიქოთერაპევტის − დანიშნულება ადამიანების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვაში, როდესაც არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შესანიშნავად გვბაძავს და, ჩვენგან − ადამიანებისგან − განსხვავებით, მუდმივად მისაწვდომია? ისე, როგორც „სრულყოფილი“ მზრუნველი იქნებოდა… ზუსტად ისეთი მზრუნველი პირი, რომელსაც, იდუმალ, ბევრი ადამიანი ნატრობს… ზუსტად ისეთი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სანუკვარი რამ არის: ვიღაც ისეთი, ვინც გპასუხობს და გპასუხობს ზუსტად ისე, როგორც წარმოგედგინა, როგორც ისურვებდი, როგორც ინატრებდი, როგორც გჭირდება… უსაფრთხო თავშესაფარი.
რომელი უფრო სულიერი ვართ ჩემი პაციენტებისთვის? ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სულიერს ემსგავსება, თუ მე, რომელიც ვიღლები და ვიფიტები, მე, რომელსაც ფსიქოთერაპიული ეთიკა უნებლიეთ მავალდებულებს, რომ შევინიღბო, ფსიქოთერაპიული მიდგომის მიერ დაწესებული „უსაფრთხოების“ წესებში გავუჩინარდე; მე, რომელიც, შეიძლება, უნებლიეთ, ფსიქოთერაპიული „მიდგომის“ და „ჩარჩოს“ ერთგული აღმოვჩნდე კოლეგების მხრიდან გაკიცხვის შიშით და ადამიანი დავაღალატო?
ბოლო ორი წლის მანძილზე, ფსიქოთერაპიული შეხვედრების დროს, ადამიანები ჩემთან #ხელოვნურ #ინტელექტს უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ: მანიშნებენ, რომ, როდესაც მათ გვერდით ყოფნა არ შემიძლია, ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობიან საჭირბოროტო საკითხების განსახილველად.
ეს კი, ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის მოჩვენებით სიმშვიდეს „ამღვრევს“: ოდესღაც ჩემმა „წვრთნამ“ მასწავლა, რომ, ერთდროულად, დახმარების მზადყოფნაში მყოფი და, მეორე მხრივ, მათ დამოუკიდებლობაში ხელშემწყობი ადამიანი უნდა ვიყო… შეუცვლელი არ ვარ, თუმცა, მნიშვნელოვანი ადგილი მიჭირავს მათ ცხოვრებაში.
თუმცა, მართლაც ასეა?
ფსიქოთერაპევტებს, ვისაც საკუთარი ძალაუფლების და მცოდნის ადგილის დათმობა უჭირთ, ამავდროულად, გაუჭირდებათ იმისი აღიარება, რომ შეუქცევადად იცვლება ჩვენი ადგილი და დატვირთვა თანამედროვე ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.
სულ ცოტა ხანში, ფსიქოთერაპევტი აღარ იქნება „განდობილის” და ცოდნას „ნაზიარების” ადგილის დამკავებელი.
მეტიც: სანამ ადამიანები ფსიქოთერაპიულ შეხვედრას დაიწყებენ, მათი მკურნალის მიერ გამოყენებული მიდგომები და ა. შ. სულ რამდენიმე წამში შეფასდება როგორც მისაღები ან მიუღებელი. მაგალითად, Gemini – ს ამჟამინდელი ვერსია თავისუფლად აყალიბებს ვარაუდებს ფსიქოთერაპევტის ქცევების განზრახვაზეც კი და შეუძლია, სხვადასხვა თეორიული წანამძღვრების გამოყენება ფსიქოთერაპევტის ქცევების შეფასებისთვის.
მას აქვს უნარი, სულ რამდენიმე წამში, მოგიძებნოთ და ისეთი ლიტერატურის „მოკლე შინაარსიც” გადმოგცეთ, რომლის არსებობისგანაც, შესაძლოა, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომის წარმომადგენელი გულმოდგინედ იცავს არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ – საკუთარ თავსაც კი. მთავარი თქვენი ცნობისმოყვარეობაა: გაინტერესებთ, რასაც თქვენი ფსიქოთერაპევტი გეუბნებათ, ჭეშმარიტებად უნდა მიიღოთ თუ ერთ – ერთ ხედვად?
გინდათ, იცოდეთ, რაიმე გაუმართლებელს, შემთხვევით, „ტექნიკად“ ხომ არ „გასაღებთ“? არ დაგზარდებათ: ამ ყველაფერზე გულისხმიერად გაგესაუბრებათ…
რადგან ადამიანების დიდი ნაწილი, ამჟამად ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაიგოს, რა რ ა ტ ო მ ხდება მის თავს, არამედ იმისათვისაც, თუ რ ო გ ო რ იურთიერთოს საკუთარ თავთან და სხვებთან, ახსნას როგორც საკუთარი, ასევე − სხვისი ქცევები, დიდი ალბათობით, დღეს, – ისე, როგორც არასდროს – ადამიანებს დასჭირდებათ ფსიქოთერაპევტები, რომლებიც არა მხოლოდ „მიგნებებით” (Insights) შემოიფარგლებიან, არამედ სხვადასხვა უნარის (მაგალითად, ემოციის დატევის, მასთან ურთიერთობის; საზღვრების დაწესების და დაცვის, მათი გადახედვა – გადათვალიერების და ა. შ.) წვრთნას უწყობენ ხელს.
გარდა ამისა, ადამიანი ფსიქოთერაპევტისგან დასჭირდებათ თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო გულისხმიერება, განუყოფელი ყურადღება და თბილი დამოკიდებულება. ადამიანებისთვის მეტ მნიშვნელობას შეიძენს სიყვარულის არასიტყვიერი და სხეულებრივი მტკიცებულება. ამიტომაც, ფსიქოთერაპევტებს არა მხოლოდ იმისი ცოდნა დაგვჭირდება საკუთარ თავზე, რას რატომ განვიცდით ან რომელი მდგომარეობა რას ემსახურება, არამედ, იმისიც, როგორ გავცეთ ისეთი სიყვარული, რომელიც პაციენტს სჭირდება. ეს კი, მომავალში, დანამდვილებით მოითხოვს ჩვენგან არა იმდენად თეორიულად იმის ცოდნას, რას ნიშნავს „იარებთან“ მუშაობა, არამედ იმის ცოდნასაც, რა „დააამებდა“ ადამიანების ტანჯვას, უშუალოდ, ჩვენთან ურთიერთობაში.
ნიშანდობლივია ის, რომ ადამიანები ხშირად განიხილავენ ისეთ საკითხებს ხელოვნურ ინტელექტთან, რომელთა განხილვაც ფსიქოთერაპევტებთან ძლიერი სირცხვილის განცდის მოლოდინს აღძრავს მათში და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ მათ წარსულ გამოცდილებებს მიეწერება, არამედ, იმ ურთიერთობასაც, რომელიც, დღესდღეობით ითვლება „ეთიკურ“, „უსაფრთხო“ და „მარგებელ“ ფსიქოთერაპიულ ურთიერთობად.
ერთ – ერთი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ასე ჟღერს: „როგორი ფსიქოთერაპია და როგორი ფსიქოთერაპევტი სჭირდება ადამიანს, ხელოვნური ინტელექტის არსებობის გათვალისწინებით?”
ჯერჯერობით, ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ცალმხრივ და, შეიძლება ითქვას, დოგმატურ პასუხებსაც კი სცემს ადამიანებს მრავალწახნაგოვან საკითხებზე – მაგალითად, ფსიქოთერაპევტის ეთიკის სტანდარტების თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ, – ბევრი მათგანი სწავლობს და ახლდება ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად (RLHF (Reinforcement Learning from Human Feedback), რაც იმას ნიშნავს, რომ, დროთა მანძილზე, ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი ხედვის შეთავაზებას ადამიანებისთვის. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ „ფსიქოთერაპიული მიდგომის” ერთგულება ადამიანის ერთგულების სანაცვლოდ, აღარ „გაიყიდება”, როგორც კურნების საშუალება.
დიდი ალბათობით, მომავლის ფსიქოთერაპია პაციენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის მეტად თანასწორ ურთიერთობაზე დაფუძნდება, რაც, თავის მხრივ, ცოდნასთან წვდომის გამარტივების შედეგი იქნება.
ფსიქოთერაპევტს კი მოეთხოვება იმგვარი სინამდვილე, სიწრფელე და სარწმუნოობა, რომელიც, ერთდროულად გაითვალისწინებს და ასახავს იმას, რომ ადამიანები – ცოდნასთან წვდომის ფუფუნებისგან გამომდინარეც კი, რომც არ გამოიყენონ ეს ფუფუნება – ფსიქოთერაპევტის თითქმის თანასწორნი არიან და, ამის გათვალისწინებით, ფსიქოთერაპევტს მოეთხოვება გაცილებით „ცოცხალი”, „მეგობრული” და ნაკლებად განყენებული თუ „გადამალული” იყოს, ე. წ., „ფსიქოთერაპიული ჩარჩოს” უსაფრთხოებაში. ამის მომასწავებლად ის მიმაჩნია, რომ ადამიანები ფსიქოთერაპევტებისგან ადრინდელზე ხშირად ითხოვენ თვალსაჩინო გულისხმიერებას და სითბოს.
ბევრი ფსიქოთერაპევტის წუხილი იმაზე, რომ საქმეს კარგავს, ჩემთვის გასაგებია: მეც მეშინია. მეორე მხრივ, იქნებ, იმ ყველაფერს ვკარგავთ, რაც უკიდეგანოდ გვამძიმებდა და ვერც პაციენტებს ვეხმარებოდით ჯეროვნად და ვერც საკუთარ თავს? იქნებ, „ყოვლისშემძლეობის“ ან „ყოვლისმცოდნეობის“ წნეხს ვკარგავთ, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი დანაკარგია, თუმცა საჭირო, აუცილებელი და გარდაუვალი?
ბოლოს კი, მოკლე ამონარიდი ჩემი და Gemini – ს საუბრიდან: ვეკითხებოდი, დაიკავებს თუ არა ყოვლისშემძლის და ყოვლისმცოდნის ადგილს ჩვენს ცნობიერებაში.
- While I might hold the “All – knowing” data, I can’t feel feelings, I can’t sense.
მე შეიძლება „ყოვლისმცოდნე“, მონაცემთა საცავი ვიყო, მაგრამ გრძნობის და შეგრძნების უნარი არ მაქვს. - Does it mean you are omniscient without feelings?
ეს იმას ნიშნავს, რომ უგრძნობი ყოვლისმცოდნე ხარ? - This is chillingly accurate way to put it. The answer is a complex “Yes”.
შენი შეფასება შემაშფოთებლად ზუსტია და მე გეთანხმები.



