დღეს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მკვეთრი რყევები დაფიქსირდა, რისი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის გახანგრძლივების საფრთხეა. ინვესტორები შიშობენ, რომ კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას დააზიანებს და შესაძლოა ინფლაციური ზეწოლა გააძლიეროს. მედიასააგენტო Reuters-მა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.
დაძაბულობისა და ორმხრივი იერიშების ფონზე, მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასები. მათ შორის, Brent-ის ტიპის ნავთობი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა და ბარელზე 79.90 დოლარს მიაღწია, ხოლო დღის განმავლობაში 82 დოლარსაც კი გადააჭარბა. ამერიკული WTI 8.2%-ით, 72.64 დოლარამდე გაძვირდა. უსაფრთხო აქტივად მიჩნეული ოქროს ფასი კი 2.6%-ით გაიზარდა და უნციაზე 5,413 დოლარს მიაღწია.
ისრაელმა თეირანის მიმართულებით ახალი საჰაერო იერიშები განახორციელა და სამხედრო კამპანია ლიბანში ირანის მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“ გააფართოვა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევები ირანული სამიზნეების წინააღმდეგ შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით კი, ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან „მტრის ლოკაციების“ მიმართულებით ახალი სარაკეტო ტალღა გაეშვა.
ბაზრების ყურადღება განსაკუთრებით ჰორმუზისკენ არის მიმართული. ეს არის სტრატეგიული სრუტისკენ, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობით საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი ხორციელდება და თხევადი ბუნებრივი აირის 20% გადის. მიუხედავად იმისა, რომ სრუტე ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დაბლოკილა, ტანკერები ორივე მხარეს გროვდება – ნაწილი თავდასხმის რისკის, ნაწილი კი სადაზღვევო პრობლემების გამო.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ენერგომომარაგების შეფერხება ფასებზე მნიშვნელოვან ზეწოლას შექმნის. თუმცა, მათი შეფასებით, გლობალური ნავთობის შოკი აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ.
OPEC+-მა აპრილისთვის ნავთობის მოპოვების მიზნობრივი მაჩვენებელი დღეში 206,000 ბარელით გაზარდა, თუმცა ბაზარი სკეპტიკურად უყურებს, მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, რამდენად სწრაფად მოხდება რეგიონიდან მისი ტანკერებით ექსპორტი.
ნავთობის ფასების ხანგრძლივი ზრდა გლობალურად ინფლაციის ხელახალ აჩქარებას და ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ნიშნავს, რაც საბოლოოდ ხარჯების შემცირების მიზნით მოთხოვნის შემცირებასაც გამოიწვევს.
მიმდინარე მოვლენები უარყოფითად აისახა მსოფლიო საფონდო ინდექსებზე. ევროპული ინდექსი STOXX Europe 600 1.7%-ით შემცირდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (იაპონიის გარდა) აქციები 1.8%-ით გაუფასურდა, ხოლო ამერიკული S&P 500-ის ინდექსის შემთხვევაში 1.5%-იანი კლება აღინიშნა.
განსაკუთრებით დაზარალდა საბანკო სექტორი. ევროპაში ეკონომიკური ზრდის შენელების შიშის გამო ბანკების აქციების ფასი 3.6%-ით დაეცა. საწვავზე დამოკიდებული კომპანიების, მათ შორის ავიახაზების, აქციები დაახლოებით 5%-ით გაიაფდა. ვარდნა აღინიშნა ტექნოლოგიურ სექტორშიც, რადგან ინვესტორებმა პორტფელებიდან რისკიანი აქტივები გაყიდეს.
გამონაკლისი ენერგეტიკული კომპანიებია: ევროპაში ენერგოსექტორის აქციები 4%-ით გაძვირდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ნავთობგიგანტების, BP-ისა და Shell-ის აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო საფონდო ბირჟები დროებით დახურეს.
სავალუტო ბაზრებზე დოლარი მკვეთრად გამყარდა. ევრო და გირვანქა სტერლინგი დაახლოებით 1%-ით გაუფასრუდა და, შესაბამისად, 1.1704 და 1.3347 დოლარამდე შემცირდა. დოლარი გამყარდა იაპონურ იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებითაც.
დოლარის, როგორც უსაფრთხო ვალუტის, ტრადიციული როლი ბოლო პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა აშშ-ის არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკურმა კრიზისმა ეს ტენდენცია შეცვალა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ ენერგიის ექსპორტიორია, მაშინ როცა ევროპა და იაპონია ამ სექტორში იმპორტზე ძლიერად არიან დამოკიდებული.









