ფოტო: APM Terminals
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურები 12.8 ათას მგზავრს მოემსახურა. ეს წინა წლის მაჩვენებელზე 62%-ით მეტია. მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 52% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16.64 მილიონამდე ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6.8%-ით მეტია. გადამუშავებული ტვირთის 47.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31% — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.3% — ნაყარი ტვირთი.
როგორც ირკვევა, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების ყველაზე დიდი ნაწილი, 17.6%, პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% — თურქეთის, 9.9% — მალტის, 8.3% — ლიბერიის, დანარჩენი 48.9% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გემი ხშირად რეგისტრირებულია იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირება ფინანსურად ან იურიდიულად უფრო ხელსაყრელია. ამიტომ პანამის, ლიბერიისა და მალტის დროშების ქვეშ სხვა ქვეყნების კუთვნილი გემებიც დაცურავს. ჩამოთვლილი ქვეყნები დაბალი გადასახადებით, შედარებით მოქნილი რეგულაციებით, რეგისტრაციის სიმარტივითა და სხვა ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა.










