SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია: ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი კაპიტანი ქალი

SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია: ნათია ლაბაძე, პირველი ქართველი კაპიტანი ქალი

საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში, SOLO-მ ქალთა დღის აღსანიშნად, შექმნა ვიდეო, რომელიც გვიყვება ნათია ლაბაძის ამბავს, რომელმაც ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი კაპიტანი ქალი. საკუთარი გამოცდილებით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიზანდასახულობა და შრომა სტერეოტიპებს არღვევს.

ნათია იქცა შთაგონებად და გამორჩეულ მაგალითად. 

მისი პროფესიული გზა ბათუმში დაიწყო – ქალაქში, სადაც ზღვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და სადაც მისი ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა.

პატარა ასაკიდანვე გემები და ზღვა განსაკუთრებულად იზიდავდა. თუმცა, მაშინ, როდესაც ბევრს ასეთი მიზანი წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ნათიამ გადაწყვიტა, მიზანი რეალობად ექცია და ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ დაეწყო სვლა.

“პატარა ვიყავი, როდესაც მამის საზღვაო ისტორიებს ვუსმენდი და ვიცოდი, რომ მეც აუცილებლად გავხდებოდი კაპიტანი. ბევრს უჭირდა დაეჯერებინა, რომ ქალს გემის მართვა შეუძლია, თუმცა, მიზნისკენ შეუჩერებლად მივიწევდი და ჩემი შესაძლებლობები საქმით დავამტკიცე”, – გვიყვება ნათია. 

მისი კარიერა კადეტობიდან დაიწყო. სწავლა, პრაქტიკა და მუდმივი განვითარება გახდა ის საფუძველი, რომელმაც საბოლოოდ კაპიტნის პოზიციამდე მიიყვანა.

დღეს ის უკვე გამოცდილ პროფესიონალად ითვლება. მისი ყოველდღიურობა ზღვასთან, პასუხისმგებლობასთან და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასთან არის დაკავშირებული – გარემოში, სადაც სიზუსტე და სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

“რთულია თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ საკუთარ თავს მუდამ ვახსენებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმტკიცე და პროფესიონალიზმი. ზუსტად ვიცი, სწორი არჩევანი გავაკეთე”, – ამბობს ნათია. 

მისი პროფესიული გზა მხოლოდ პირადი წარმატებით არ შემოიფარგლება. ის გახდა ინსპირაცია გოგონებისათვის და ქალებისათვის, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები საკუთარი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე.

“ქალებს ნებისმიერ საქმეში შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩემს სფეროში ისტორია დაიწერა – მე გავხდი პირველი ქართველი ქალი კაპიტანი. მჯერა, რომ დღეს ასეთი ისტორიები სხვა სფეროებშიც იქმნება”, – ამბობს ნათია. 

ქალების როლი საზღვაო სფეროში დღეს უკვე გაცილებით უფრო თვალსაჩინოა, თუმცა ნათიას მსგავსი ისტორიები კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, რადგან ისინი გვიყვებიან ამბავს გამბედაობაზე, მიზანდასახულობაზე და იმაზე, რომ საკუთარი ოცნების მიღწევა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა გზა სხვებისთვის ჯერ კიდევ გაუვალია.

მეტისათვის, ნახეთ ვიდეო.

S