ფოტო: iStock/Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 1.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემს 7.6%-ით აღემატება. საქსტატის განმარტებით, ზრდა, ძირითადად, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის მატებამ განაპირობა.
საანგარიშო პერიოდში სააქციო კაპიტალი 601.8 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 15.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და 2024 წლის მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 82.8%-ს უტოლდება.
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში, 334.2 მილიონი აშშ დოლარით, გართიანებული სამეფო ლიდერობს. მეორე ადგილზე თურქეთია, საიდანაც გასული წლის განმავლობაში საქართველოში 180.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილს 173.7 მილიონი აშშ დოლარით მალტა იკავებს.
აღნიშნული სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 40.8% შეადგინა. გაერთიანებული სამეფოს წილი 19.8%-ს უტოლდება, თურქეთის – 10.7%-ს, ხოლო მალტის კი – 10.3%-ს.
ცნობისთვის, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით რუსეთის ფედერაცია ათეულში მე-8 პოზიციაზეა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 69.6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი ინვესტიციები განხროციელდა.














