ფოტო: unsplash.com
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ თითქმის 1.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის დაზუსტებულ მონაცემს 7.6%-ით აღემატება. საქსტატის განმარტებით, ზრდა, ძირითადად, სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის მატებამ განაპირობა.
საანგარიშო პერიოდში სააქციო კაპიტალი 601.8 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 15.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და 2024 წლის მაჩვენებელს 3.8%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 82.8%-ს უტოლდება.
2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში, 334.2 მილიონი აშშ დოლარით, გართიანებული სამეფო ლიდერობს. მეორე ადგილზე თურქეთია, საიდანაც გასული წლის განმავლობაში საქართველოში 180.8 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილს 173.7 მილიონი აშშ დოლარით მალტა იკავებს.
რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, 2025 წელს ყველაზე მეტი, 607.0 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის FDI საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების მიმართულებით განხორციელდა. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 185.7 მილიონი აშშ დოლარით და 11%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციას ტრანსპორტის სექტორი იკავებს 166.1 მილიონი აშშ დოლარითა და 9.8%-იანი წილით.














