გზა სამედიცინო ინდუსტრიის ლიდერობისკენ

გზა სამედიცინო ინდუსტრიის ლიდერობისკენ

თბილისი მედიკი, რომელიც 15 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა, თანდათან სამედიცინო ინდუსტრიის ლიდერად ყალიბდება და განვითარების მომდევნო ეტაპზე გადადის. ლიდერობის ამბიცია ბიზნესის სწრაფმა ზრდამ გააჩინა და კომპანია სექტორისთვის ინოვაციურ მართვის სტრუქტურამდე მიიყვანა.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ახალი მართვის მოდელის ღერძი Agile-ია. როგორც კომპანიის დირექტორი, ლევან ხომერიკი აღნიშნავს, ეს ამ ინდუსტრიისთვის სრული სიახლეა და ბევრი უპირატესობაც აქვს — ბიზნესპროცესები არ ფერხდება, გუნდები გაცილებით სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, იზიარებენ პასუხისმგებლობებს და უკეთ რეაგირებენ ცვლილებაზე.

“სამედიცინო ინდუსტრია, განსაკუთრებით, B2B მიმართულება, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სწრაფად ცვალებადი გარემოა. ასეთ გარემოში ტრადიციული მართვის სისტემა ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ის გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეს ანელებს და გუნდებს ფუნქციურ საზღვრებში ამყოფებს.

ჩვენ არ გვაქვს შაბლონური Agile-ი. შევქმენით “ჩვენებური”, ორგანიზაციულ კულტურაზე ადაპტირებული და კომპანიის მასშტაბებზე მორგებული ვერსია, რომელშიც პატარა გუნდების ჩამოყალიბება ყველაზე ეფექტიანი ფორმატი აღმოჩნდა”, – ამბობს ლევან ხომერიკი.

თბილისი მედიკში სჯერათ, რომ რომ ბიზნესის მდგრადობის საფუძველი არის მისი ღირებულებები — ნდობა და თავისუფლება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ სტრუქტურა და მართვის მოდელიც ამ ორ ცნებაზე დაფუძნებულიყო. 

მართალია, კომპანიაში არ ყოფილა მოლოდინი, რომ გადაწყობა მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთული მაინც საკუთარი თავისთვის არჩეული გზის სისწორეში დარწმუნება აღმოჩნდა. 

გამოცდა იყო იმგვარი ინოვაციური ცვლილებებიც, რომლებიც ტრადიციული გეგმებისა და ბონუს სისტემის გაუქმებას გულიხმობდა — ყველა სამუშაო რგოლს დაუწესდა ფიქსირებული ანაზღაურება, რაც მათ მიმართ ნდობას უსვამს ხაზს.

მენეჯმენტის სტრატეგიული თანმიმდევრულობისა და ამ გარდამავალი ეტაპის წარმატებით გადალახვის რწმენით, საბოლოოდ, რეალიზაციაში 30%-იანმა ზრდამ დაადასტურა, რომ ცვლილებებმა გაამართლა.

“30%-იანი ზრდის მთავარი განმაპირობებელია ნდობასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული გარემო, სადაც ადამიანებმა თავი პროცესის მმართველებად იგრძნეს და საკუთარ თავებს მაღალი სტანდარტები დაუწესეს”, – განმარტავს ლევან ხომერიკი.

თანამშრომლები სწორედ ამ ცვლილების ცენტრში არიან, სისტემა მათ გარშემო შენდება და ძლიერდება ორგანიზაციული კულტურა. კომპანიის დირექტორისთვის მთავარი ღირებულება თანამშრომლებია და ამის ჩვენებას პრაქტიკაში ცდილობს. 

რესტრუქტურიზაციის შემდეგ, პროცესები მეტად გამჭვირვალე, ხოლო პასუხიმგებლობები და მიზნები უფრო მკაფიო გახდა. ეს კი ზრდის როგორც ინდივიდუალურ კონტრიბუციასა და კმაყოფილებას, ასევე საერთო შედეგზე ფოკუსს, რაც, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის უფრო ორგანულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

ლევანის აზრით, დირექტორობა არ ნიშნავს, რომ რომელიმე გუნდის წევრზე უკეთ ესმის მისი საქმიანობის სპეციფიკა, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების პროფესიული კომპეტენციის მიმართ ნდობას, მკაფიო მიზნების განსაზღვრასა და აღსრულებაში თავისუფლების მიცემას. 

“ლიდერობის მთავარი ფუნქცია კონტროლი კი არა, ადამიანების ენერგიისა და მოტივაციის გაძლიერებაზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანია, ვიყო მხარდამჭერი, რომელიც ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ადამიანებს თვალებში “ცეცხლი” უნთიათ და საკუთარ საქმეს სიამოვნებით ასრულებენ.

დღეს ზუსტად ვიცით, როგორი ადამიანები ვქმნით კომპანიას და როგორი გარემოს შექმნა გვინდა. კომპანიის და თითოეული თანამშრომლის მიზანი ბაზრის ლიდერობაა და ყველა გრძნობს საკუთარი დადებული აგურის ძალას ამ გზაზე”, – ამბობს ლევან ხომერიკი.

თბილისი მედიკის ამჟამინდელი ამოცანაც და შემდგომი განვითარების გეგმაც მკაფიო სტრატეგიულ მიზანს ეფუძნება — გახდეს ბაზრის უპირობო ლიდერი ყველა ასპექტში. კომპანიის მიზანია, ჩამოყალიბდეს ძლიერ, სტრუქტურირებულ კორპორაციად, რომელიც მასშტაბით, მართვის სისტემებითა თუ პოზიციონირებით ინდუსტრიის სტანდარტს განსაზღვრავს.