ფოტო: Getty Images
Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, კომპანია 2027 წლისთვის Amazon.com-ის ღრუბლოვანი გამოთვლების დანაყოფს 1 მილიონ გრაფიკულ პროცესორს (GPU) და სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტებს მიჰყიდის. ინფორმაცია Reuters-ს ხუთშაბათს Nvidia-ს ვიცე-პრეზიდენტმა, იან ბაკმა დაუდასტურა.
მიმდინარე კვირაში Nvidia-მ და Amazon Web Services-მა (AWS) დაადასტურეს გარიგება, რომელიც 1 მილიონი GPU-ს შეძენას ითვალისწინებს, თუმცა კონკრეტული ვადები აქამდე უცნობი იყო. იან ბაკის თქმით, გაყიდვები წელს დაიწყება და 2027 წლამდე გაგრძელდება.
ეს სწორედ ის პერიოდია, რომლის განმავლობაშიც Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი, კომპანიის Rubin-ისა და Blackwell-ის ოჯახის ჩიპებისთვის 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის გაყიდვების შესაძლებლობას ხედავს.
მხარეებს გარიგების ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. თუმცა ბაკმა Reuters-ს განუცხადა, რომ ტრანზაქცია მოიცავს Nvidia-ს ჩიპების ფართო არჩევანს, მათ შორის Spectrum-ის ქსელურ ჩიპებსა და Groq-ის ჩიპებს, რომლებიც კომპანიამ გასულ წელს AI-სტარტაპთან გაფორმებული $17-მილიარდიანი სალიცენზიო ხელშეკრულების შემდეგ გამოუშვა.
კერძოდ, AWS გეგმავს Nvidia-ს შვიდი სხვადასხვა ტიპის ჩიპის კომბინაცია უფრო ეფექტიანი „ინფერენსისთვის“ გამოიყენოს. ცნობისთვის, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც AI-სისტემები პასუხებს აგენერირებენ და მომხმარებლის დავალებებს ასრულებენ.
გარიგება ასევე ითვალისწინებს Nvidia-ს Connect X და Spectrum X ქსელური აღჭურვილობის განთავსებას Amazon-ის მონაცემთა ცენტრებში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან AWS-ის მონაცემთა ცენტრები წლების განმავლობაში საკუთარი წარმოების ქსელურ მოწყობილობებს იყენებდნენ.









