ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 3.51 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.02 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტი კი 2.48 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 15.4%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 1.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 49.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის ქვეყნებზე კი 12.2% მოდის. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრებზე უფრო დიდი წილი, 24% მოდის, ხოლო დსთ-ის სახელმწიფოებზე 23.8%.
საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1% შეადგინა. სამეული არიან: ჩინეთი (147.1 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (105.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (95.1 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.1% შეადგინა. პირველ სამეულში კი მოხვდნენ: თურქეთი (415.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (326.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (310.7 მლნ. აშშ დოლარი).

საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (499.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (457.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (418.3 მლნ. აშშ დოლარი).












