საქართველო გლობალური მშვიდობის რეიტინგში 109-ე ადგილზეა

Forbes-WEB-26040808

მეთოდოლოგია

გლობალური მშვიდობის ქვეყნების რეიტინგი გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით დგება, რომელსაც ავსტრალიური ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს. ბოლო ინდექსი 2025 წელს გამოქვეყნდა და 163 ქვეყანა მოიცვა.

ინდექსი სწავლობს რა დონის შიდა და გარე კონფლიქტებშია ჩართული ქვეყანა და რამდენად ჰარმონიულად ცხოვრობს მოსახლეობა. კვლევა 23 ინდიკატორს მოიცავს. ინდიკატორები ექსპერტების გამოკითხვით და სხვა ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით ფასდება. ქვეყანის მშვიდობიანობის დონე 1-დან 5 ქულამდე ფასდება, სადაც 1 სრულად მშვიდობიანს ნიშნავს და 5 – პირიქით, მაღალ საფრთხეს.

შეფასების ინდიკატორები 3 ჯგუფად იყოფა: 1. მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფლიქტები, 2. საზოგადოების უსაფრთხოება და დაცულობა და 3. მილიტარიზაცია.

ქვეყნები მშვიდობის დონის მიხედვით 5 ჯგუფად ნაწილდებიან: მაღალი დონის, მაღალი, საშუალო, დაბალი და ძალიან დაბალი.

საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსში

2025 წელს გამოქვეყნებული გლობალური მშვიდობის ინდექსში, საქართველოს 2.185 ქულა აქვს და 163 ქვეყნიდან 109-ე ადგილს იკავებს. 2024 წელს საქართველოს 2.195 ქულა ჰქონდა და მე-100 ადგილს იკავებდა. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 0.01-ით შემცირდა. ქულის შემცირება მეტ მშვიდობას ნიშნავს, მაგრამ სხვა ქვეყნების ქულების ცვლილების გამო, საქართველო რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა.

საქართველო საშუალო დონის მშვიდობის მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება.

ცალკე აღებულ, მიმდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფლიქტების ინდიკატორში საქართველოს 2.012 ქულა აქვს, 2024 წელს 2.025 ქულა ჰქონდა. საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაცულობაში საქართველოს 2.540 ქულა აქვს, 2024 წელს 2.465 ქულა ჰქონდა. მილიტარიზაციაში საქართველოს 1.786 ქულა აქვს, 2024 წელს 1.837 ქულა ჰქონდა. შესაბამისად, გაუარესება საქართველოს საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაცულობაში აქვს. ყველაზე მაღალი ქულაც – 2.540 (რაც უფრო ცუდ მდგომარეობას ნიშნავს) საქართველოს საზოგადოების უსაფრთხოებასა და დაცულობაში აქვს. ამის მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობა და ტერორი, დევნილების არსებობა, პატიმრების რაოდენობა და კრიმინალის დონეა.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა 2021 წელს ჰქონდა და შესაბამისად, რეიტინგში ყველაზე მაღლა – 89-ე ადგილზე ამავე წელს იყო. ზოგადად, 2013-2021 წლებში საქართველოს ქულას კლების ტენდენცია ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მშვიდობიანი ქვეყანა ხდებოდა. 2022 წლიდან კი პირიქით, ნაკლებ მშვიდობიანი გახდა.

რეიტნგში საქართველოს მეზობლები ეგვიპტე, გვატემალა, მავრიტანია და ნიკარაგუა არიან.

საქართველოს პოზიცია გლობალური მშვიდობის ინდექსში

წყარო: Institute for Economics & Peace

საქართველოს ქულა გლობალური მშვიდობის ინდექსში

წყარო: Institute for Economics & Peace

ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები

გლობალური მშვიდობის ინდექსში პირველ ადგილზე ისლანდიაა 1.095 ქულით, ანუ ისლანდიაში იდეალურთან (1 ქულასთან) მიახლოებული სიტუაციაა. მეორე ადგილზე ირლანდიაა 1.260 ქულით. ტოპ 10 ქვეყანაში 8 ევროპული ქვეყანაა.

რეგიონში საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებს. სომხეთი 58-ე ადგილზეა 1.893 ქულით და აზერბაიჯანი 95-ე ადგილზეა (2.067 ქულით). თურქეთი 146-ე ადგილზეა 2.852 ქულით და რუსეთი რეიტინგის ბოლო, 163-ე ადგილს იკავებს 3.441-ე ქულით.

რეიტინგში რუსეთზე ზემოთ არის უკრაინა. შემდეგ მოდის სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იემენი, ავღანეთი და სირია.

მშვიდობის დონით ლიდერი ტოპ 10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ისლანდია

1.095

2

ირლანდია

1.260

3

ახალი ზელანდია

1.282

4

ავსტრია

1.294

5

შვეიცარია

1.294

6

სინგაპური

1.357

7

პორტუგალია

1.371

8

დანია

1.393

9

სლოვენია

1.409

10

ფინეთი

1.420

წყარო: Institute for Economics & Peace

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა