Reuters: პაკისტანმა სუდანთან $1.5-მილიარდიანი სამხედრო შეთანხმება შეაჩერა

Reuters: პაკისტანმა სუდანთან $1.5-მილიარდიანი სამხედრო შეთანხმება შეაჩერა

ფოტო: AFP

პაკისტანმა სუდანისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ შეთანხმება დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთიმა გარიგების შეწყვეტა მოითხოვა და მისი დაფინანსება აღარ დაადასტურა. ამის შესახებ Reuters-ს პაკისტანის უსაფრთხოების საკითხებში ჩართული ორი პირი და დიპლომატიური წყარო ესაუბრა.

გარიგება, რომელიც იანვარში უკვე საბოლოო ეტაპზე იყო, თავდაპირველად სწორედ საუდის არაბეთის შუამავლობით ფორმდებოდა. თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, დაფინანსების საკითხი მაშინაც გაურკვეველი იყო. შეთანხმება ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამხედრო კონტრაქტიდან, რომელზეც პაკისტანი აქტიურად მუშაობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხედრო ტექნიკამ და ავიაციამ გასულ წელს ინდოეთთან დაპირისპირების ფონზე მეტი ყურადღება მიიპყრო.

სუდანი უკვე დაახლოებით სამი წელია, მძიმე შიდა კონფლიქტშია ჩართული. ქვეყნის არმიასა და პარამილიტარულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირებამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და რეგიონში უცხო ძალების ინტერესების დაპირისპირების კერადაც იქცა.

წყაროების ცნობით, საუდის არაბეთმა პაკისტანს მკაფიოდ მიანიშნა, რომ გარიგება უნდა შეწყდეს მას შემდეგ, რაც მის დაფინანსებაზე უარი თქვა. გადაწყვეტილებაზე გავლენა, სავარაუდოდ, დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციამაც იქონია, რომლებიც რიადს აფრიკაში ომებში ჩართვისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი პაკისტანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის წყაროს წარმოადგენს. მათი თანამშრომლობა განსაკუთრებით გასულ წელს ხელმოწერილი თავდაცვითი შეთანხმების შემდეგ გაღრმავდა, რომლის მიხედვითაც, ერთ მხარეზე თავდასხმა მეორეზეც თავდასხმად იქნება აღქმული.

წყაროების ინფორმაციით, მარტში რიადში გამართულ შეხვედრაზე სუდანის სამხედრო ლიდერებსა და საუდის წარმომადგენლებს შორის მიღებული გადაწყვეტილებით, დაფინანსება საბოლოოდ შეწყდა, რამაც გარიგება პრაქტიკულად ჩაშლის წინაშე დააყენა.

გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა კიდევ ერთი, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის სამხედრო შეთანხმება ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რაც მიუთითებს, რომ საუდის არაბეთი რეგიონში საკუთარი სტრატეგიის გადახედვის პროცესშია.