ბერნარ არნოს თქმით, ირანის ომის გაჭიანურებამ შესაძლოა „მსოფლიო კატასტროფა“ გამოიწვიოს

ბერნარ არნოს თქმით, ირანის ომის გაჭიანურებამ შესაძლოა „მსოფლიო კატასტროფა“ გამოიწვიოს

მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ არონმ ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გააკეთა და განაცხადა, რომ ომის გაჭიანურებამ შესაძლოა „მსოფლიო კატასტროფამდე“ მიიყვანოს. მილიარდერმა ბიზნესმენმა ეს განცხადება პარიზში გამართულ აქციონერთა წლიურ შეხვედრაზე გააკეთა. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისი საჯაროდ შეაფასა.

ბერნარ არნოს თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკვე „ძალიან სერიოზულ კრიზისში“ გადაიზარდა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, შედეგები გლობალური ეკონომიკისთვის შესაძლოა უმძიმესი აღმოჩნდეს. მისივე შეფასებით, კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა პრობლემის გადაჭრა ბიზნესებს საშუალებას მისცემს, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გავლენა უკვე აისახა თავად LVMH-ის ფინანსურ შედეგებზე. კომპანიის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო კვარტალში ორგანულ ზრდაზე დაახლოებით 1%-იანი ნეგატიური ეფექტი მოახდინა, რაც ძირითადად ევროპაში ტურისტული ხარჯების შემცირებით აიხსნება. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთ მიმართულებაში მოთხოვნა 70%-მდე შემცირდა.

ბაზრის რეაქციაც შესაბამისია – LVMH-ის აქციების ფასი პარიზის ბირჟაზე მცირედით, დაახლოებით 0.2%-ით დაეცა, თუმცა უფრო ფართო ჭრილში კლების ტენდენცია გაცილებით მკვეთრია. მარტში კომპანიის აქციები თითქმის 15%-ით გაუფასურდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ვარდნა უკვე 26%-ს აღწევს. შედეგად, კონგლომერატის საბაზრო კაპიტალიზაცია 268.9 მილიარდი დოლარიდან 228.8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ამ ფონზე, ბერნარ არნოს ფინანსური მდგომარეობაც ნეგატიურად შეიცვალა. არნო, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს ფლობდა, ახლა Forbes-ის რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს. ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება 149.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.