ფოტო: dfaf.org
ტრამპის ადმინისტრაციის დროებითმა გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა, დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო FDA-ის მიერ დამტკიცებული და სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სამედიცინო მარიხუანა ნაკლებად საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებად გადააკვალიფიცირა. ამის შემდეგ ის უფრო მსუბუქად რეგულირებულ, III კატეგორიაში გადავიდა.
გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ FDA-ის მიერ დამტკიცებულ და შტატების მიერ ლიცენზირებულ სამედიცინო მარიხუანას. მიუხედავად ამისა, ცვლილება არ ნიშნავს მის ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციას. შესაბამისად, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული გამოყენება აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის ფარგლებში კვლავაც არალეგალურია.
ამასთან, ბლანშმა უკვე დანიშნა ივნისისთვის მოსმენა, სადაც ნარკოტიკების კონტროლის ადმინისტრაცია მარიხუანის უფრო ფართო გადაკვალიფიცირების შესაძლებლობასაც განიხილავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნივთიერების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ პაციენტებს გაუმჯობესებულ მკურნალობას, ხოლო ექიმებს – უფრო სანდო მონაცემებს შესთავაზებს.
ცნობისთვის, III კატეგორიაში მოქცეული ნივთიერებები დამოკიდებულების „ზომიერიდან დაბალამდე“ რისკით ხასიათდება.
მარიხუანა კვლავაც აკრძალულია ფედერალურ დონეზე, რის გამოც შტატებს შორის მისი კომერციული გადაადგილება უკანონოდ რჩება. თუმცა, ახალი სტატუსის პირობებში, კანონდარღვევის შემთხვევაში სასჯელი შესაძლოა შედარებით მსუბუქი იყოს. ამ ეტაპზე, სამედიცინო მარიხუანა დაახლოებით 40 შტატშია ლეგალიზებული, ხოლო 25 შტატში ზრდასრულთათვის მისი რეკრეაციული მიზნით გამოყენებაც დაშვებულია.








