ფოტო: Aaron Schwartz/Bloomberg
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა, დღეს კონგრესმენებს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული „ოქროს ბარათის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ უცხოელებს რეზიდენტობას სთავაზობს, ამ დრომდე მხოლოდ ერთი აპლიკანტია დამტკიცებული.
წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტი განიხილებოდა, ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) სულ ახლახან დაამტკიცა პირველი განაცხადი, ხოლო „რიგში კიდევ ასობით ადამიანია“.
შეგახსენებთ, დეკემბერში ლუტნიკმა განაცხადა, რომ მთავრობამ სულ რამდენიმე დღეში 1.3 მილიარდ დოლარამდე ღირებულების „ოქროს ბარათის“ ვიზები „გაყიდა“. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, განაცხადების დამტკიცების პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს.
„DHS-თან პროცედურული საკითხები ახლახან მოგვარდა. ისინი ატარებენ 15,000-დოლარიან, უმკაცრეს შემოწმებას და ანალიზს, რაც კი ოდესმე სამთავრობო პროგრამების ისტორიაში ყოფილა,“ – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ „ოქროს ბარათზე“ განაცხადების მიღება დეკემბერში დაიწყო. პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ „ოქროს ბარათს“, რომლის მიღების მსურველიც განაცხადის განხილვის საფასურის სახით 15,000 დოლარს იხდის და 1 მილიონ დოლარს აშშ-ის ლეგალური რეზიდენტის სტატუსის დაჩქარებული წესით მისაღებად.
მეორე ვარიანტი კორპორაციული „ოქროს ბარათია“. „ტრამპის კორპორაციული ოქროს ბარათის“ პროგრამის მეშვეობით, დამსაქმებლებს ერთი ან მეტი თანამშრომლის დაფინანსება შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა 15 000 აშშ დოლარის ოდენობის საფასურის გადახდა განხილვისთვის და 2 მილიონი აშშ დოლარის დონაცია, ე.წ. საჩუქარი (gift). ამას ემატება მომსახურებისა და გადაფორმების ყოველწლიური ხარჯები.








