ნინო ლაშხი
შემოსავლის აღიარება ფასს 15-ის მიხედვით — შესრულების ვალდებულებების იდენტიფიცირება

წინა სტატიაში განვიხილეთ ფასს 15-ის პირველი საფეხური — მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების იდენტიფიცირება. თუმცა, ხელშეკრულების არსებობის იდენტიფიცირება მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი საკითხია, რას ჰპირდება საწარმო მომხმარებელს ამ ხელშეკრულებით და რომელი დაპირებები უნდა აღირიცხოს ცალკე შესრულების ვალდებულებად.
სწორედ ამას ეხება ფასს 15-ის მეორე საფეხური — შესრულების ვალდებულებების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე საწარმომ ჯერ უნდა გამოავლინოს ხელშეკრულებაში არსებული ყველა დაპირებული საქონელი ან მომსახურება, შემდეგ კი შეაფასოს, რომელი მათგანი წარმოადგენს ცალკე შესრულების ვალდებულებას. ეს დაპირებები შეიძლება პირდაპირ იყოს ასახული ხელშეკრულებაში, ან გამომდინარეობდეს საწარმოს ჩვეულებრივი ბიზნესპრაქტიკიდან, თუ ისინი მომხმარებელში ქმნის გონივრულ მოლოდინს, რომ მას კონკრეტული საქონელი ან მომსახურება გადაეცემა.
ფასს 15-ის თანახმად, შესრულების ვალდებულება არის მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოცემული დაპირება, რომლის საფუძველზეც საწარმო მომხმარებელს გადასცემს:
- განსხვავებად საქონელს ან მომსახურებას; ან
- განსხვავებადი საქონლის ან მომსახურების სერიას, რომელიც არსებითად ერთგვაროვანია და მომხმარებელს გადაეცემა ერთნაირი მოდელით.
ამიტომ, ამ ეტაპის მთავარი მიზანია იმის დადგენა, ხელშეკრულება ერთ ეკონომიკურ შედეგს მოიცავს თუ რამდენიმე დამოუკიდებელ დაპირებას.
იმისთვის, რომ დაპირებული საქონელი ან მომსახურება ჩაითვალოს განსხვავებადად, ერთდროულად ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი — მომხმარებელს უნდა შეეძლოს ამ საქონლით ან მომსახურებით სარგებლობა დამოუკიდებლად ან სხვა ხელმისაწვდომ რესურსებთან ერთად. მეორე — ეს დაპირება უნდა იყოს ხელშეკრულების კონტექსტში ცალკე იდენტიფიცირებადი. შესაბამისად, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ კონკრეტულ ელემენტს დამოუკიდებელი ღირებულება ჰქონდეს; მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად დამოუკიდებელია იგი ხელშეკრულების სხვა დაპირებებისგან.
პრაქტიკული მაგალითები
ტექნოლოგიური სექტორი — ერთი შესრულების ვალდებულება
კომპანია კლიენტისთვის იღებს ვალდებულებას ERP სისტემის კონფიგურაციაზე, ინტეგრაციაზე, მონაცემთა მიგრაციასა და ტესტირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რამდენიმე მომსახურებას მოიცავს, კლიენტი საბოლოოდ იღებს ერთ ინტეგრირებულ შედეგს — გამართულ სისტემას. თუ ეს მომსახურებები ერთმანეთისგან ხელშეკრულების კონტექსტში ცალკე იდენტიფიცირებადი არ არის, ისინი ერთ შესრულების ვალდებულებად განიხილება.
SaaS ბიზნესი — რამდენიმე შესრულების ვალდებულება
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 12-თვიან პროგრამულ წვდომას, საწყის ტრენინგს და დამატებით საკონსულტაციო მომსახურებას. თუ ტრენინგი და კონსულტაცია პროგრამული წვდომისგან დამოუკიდებლადაც გამოსადეგია და ცალკე იდენტიფიცირდება, ხელშეკრულებაში იარსებებს რამდენიმე შესრულების ვალდებულება — მაგალითად, პროგრამული მომსახურება, ტრენინგი და კონსულტაცია.
სატელეკომუნიკაციო სექტორი — ორი შესრულების ვალდებულება
მომხმარებელი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს მობილურ მოწყობილობას და 24-თვიან საკომუნიკაციო მომსახურებას. თუ მოწყობილობა დამოუკიდებლად გამოყენებადია, ხოლო მომსახურება მისგან განცალკევებით იდენტიფიცირდება, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, არსებობს ორი შესრულების ვალდებულება — მოწყობილობის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საცალო ვაჭრობა — ორი შესრულების ვალდებულება
ელექტრონიკის მაღაზია მომხმარებელს ყიდის ლეპტოპს და დამატებით სამწლიან გაფართოებულ მომსახურებას. ლეპტოპის მიწოდება ერთ დაპირებას წარმოადგენს, ხოლო შემდგომი მომსახურება — მეორეს. რადგან ორივეს დამოუკიდებელი ეკონომიკური შინაარსი აქვს და ერთმანეთისგან ცალკე იდენტიფიცირდება, ხელშეკრულება ორ შესრულების ვალდებულებას მოიცავს.
სამშენებლო სექტორი — ერთი შესრულების ვალდებულება
დეველოპერი კლიენტს ჰპირდება პროექტირებას, სამშენებლო სამუშაოებს, საინჟინრო სისტემების მოწყობას და საბოლოოდ დასრულებული ობიექტის ჩაბარებას. თუ ეს ელემენტები ერთიანად არის ინტეგრირებული და მომხმარებელი იღებს ერთ დასრულებულ აქტივს, ხელშეკრულება შეიძლება შეფასდეს როგორც ერთი შესრულების ვალდებულება.
მწარმოებელი კომპანია — გარემოებებზე დამოკიდებული შეფასება
მწარმოებელი მომხმარებლისთვის ამზადებს სპეციალიზებულ დანადგარს და იღებს ვალდებულებას მის მონტაჟსა და გაშვებაზე. თუ მონტაჟი სტანდარტული მომსახურებაა და სხვა მომწოდებელსაც შეუძლია მისი შესრულება, დანადგარი და მონტაჟი შესაძლოა ორ ცალკე შესრულების ვალდებულებად შეფასდეს. თუმცა, თუ მონტაჟი დანადგარის ფუნქციონირებისთვის არსებითია და მთლიანად ინტეგრირებული შედეგის ნაწილია, ორივე ერთად შეიძლება ერთ შესრულების ვალდებულებას წარმოადგენდეს.
რატომ არის ეს ეტაპი მნიშვნელოვანი?
შესრულების ვალდებულებების სწორად იდენტიფიცირებაზეა დამოკიდებული, როგორ გაიყოფა ხელშეკრულება სააღრიცხვო მიზნებისთვის, როგორ გადანაწილდება შემდგომში გარიგების ფასი და როდის აღიარდება ამონაგები. ამიტომ ეს ეტაპი მხოლოდ კლასიფიკაციის საკითხი არ არის — ის განსაზღვრავს ფასს 15-ის შემდგომი საფეხურის საფუძველს.
დასკვნა
როგორც ვნახეთ, ფასს 15-ის მეორე საფეხური პასუხობს ერთ ძირითად კითხვას: რა კონკრეტული დაპირებების შესრულებისთვის ელოდება საწარმო ანაზღაურებას მომხმარებლისგან. ხოლო მას შემდეგ, რაც შესრულების ვალდებულებები უკვე იდენტიფიცირებულია, ჩნდება შემდეგი საკითხი — რა ოდენობის გარიგების ფასი უნდა მიეკუთვნოს თითოეულ მათგანს. სწორედ ამ საკითხს შეეხება IFRS პრაქტიკული მიმოხილვის მომდევნო სტატია, რომელიც ფასს 15-ის მესამე საფეხურს დაეთმობა.
Grant Thornton Georgia, აუდიტის დირექტორი.
