ფოტო: nbcnews.com
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო საზოგადოებაში ხშირად მშვიდობის მთავარი გარანტორის სტატუსით პოზიციონირებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თავისი პრეზიდენტობისას ცხრა ომის დასრულება შეძლო. Forbes-მა წარმოგვიდგინა იმ შეიარაღებული კონფლიქტების ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაზეც პასუხისმგებლობას აშშ-ის პრეზიდენტი იღებს.
სომხეთი და აზერბაიჯანი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრამპის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება 40-წლიანი კონფლიქტისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება აღმოჩნდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტში მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი არ მიმდინარეობდა. ოვალურ ოფისში გაფორმებული ხელშეკრულება შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანს და მის ანკლავს, ნახიჩევანს შორის „ტრამპის მარშრუტის“ აშენების მანდატს ანიჭებს.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რუანდა
გასული წლის დეკემბერში თეთრ სახლში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუანდის შეიარაღებული ძალები კონგოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან მომდევნო 90 დღის განმავლობაში უნდა გასულიყო და საფუძველი ჩაჰყროდა რეგიონულ ეკონომიკურ საინიციატივო ჩარჩოს. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ისრაელი და ირანი
2025 წლის ივნისში ისრაელსა და ირანს შორის არსებული 12-დღიანი სამხედრო მოქმედებები ტრამპის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ამ შეთანხმებით რეგიონი უფრო დიდი კონფლიქტისგან იხსნა.
ისრაელი და „ჰამასი“
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტი დონალდ ტრამპის აქტიური ჩართულობით ორი წლის შემდეგ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ექვსი თვის შემდეგ სიტუაცია მყიფეა და მხარეები აქტიურად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.
კოსოვო და სერბეთი
გასული წლის ივნისში ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადებით, აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობის გაყინვის მუქარით მან კოსოვოსა და სერბეთს შორის კონფლიქტის გაცოცხლება თავიდან აირიდა.
ინდოეთი და პაკისტანი
ინდოეთი უარყოფს ტრამპის განცხადებას, რომ გასულ წელს პაკისტანთან 4-დღიანი ომის დასრულების ინიციატორი და შუამავალი დონალდ ტრამპი იყო. თუმცა ეს უკანასკნელი ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფრონტაციის დასრულებას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს. სანაცვლოდ, პაკისტანმა ტრამპს სამშვიდობო მცდელობისთვის მადლობა ოფიციალურად გადაუხადა.
კამბოჯა და ტაილანდი
გასულ წელს ტაილანდსა და კამბოჯას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, დონალდ ტრამპი მხარეებს მაღალი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ცეცხლს არ შეწყვეტდნენ. შედეგად კი ივნისში შეთანხმება მიიღწა, რასაც ხელი ოქტომბერში მალაიზიაში ტრამპის თანდასწრებით მოეწერა. მოგვიანებით შეტაკებები განახლდა, თუმცა ტრამპის მორიგი მუქარის ფონზე შეთანხმება კიდევ ერთხელ დეკემბერში გაფორმდა.
ეგვიპტე და ეთიოპია
ორ ქვეყანას შორის მდინარე ნილოსის წყლის მარაგებზე უთანხმოება ათწლეულობით გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში არასდროს გადაზრდილა, ტრამპი მხარეებს მედიაციას გამუდმებით სთავაზობს.
ისრაელი და ლიბანი
ისრაელსა და ლიბანს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დონალდ ტრამპი მის მიერ მეათე კონფლიქტის გადაწყვეტად მიიჩნევს. რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მისი დასრულებული მე-9 კონფლიქტი ისრაელს, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა, რომელიც გასულ ოთხშაბათს კიდევ გახანგრძლივდა.
საინტერესოა, რომ ტრამპის მცდელობების მიმართ მადლიერების გამოსახატად, აშშ-ის პრეზიდენტი ნობელის პრემიაზე რამდენიმე სახელმწიფომ წარადგინა. მათ შორის არიან ისრაელი, კამბოჯა, პაკისტანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუანდა. ცნობისათვის, ტრამპი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მისი სურვილია, მსოფლიოს ის გლობალური კონფლიქტების დამსრულებლად დაამახსოვრდეს.















