ფოტო: CNBC
სპილენძი დღეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. ეს არის მეტალი, რომელიც ყველაფერში გამოიყენება, დაწყებული მშენებლობიდან, დასრულებული ელექტრომობილებითა და განახლებადი ენერგიის სისტემებით. რაც უფრო ჩქარდება ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ტემპი და იზრდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა: რომელი ქვეყნები ფლობენ დიდი რაოდენობით ამ რესურსს?
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის 2026 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ სპილენძის მარაგებით გლობლაურად რამდენიმე ქვეყანა დომინირებს. ყველაზე გამორჩეული კი მათ შორის ჩილეა. ქვეყანას დაახლოებით 180 მილიონი ტონა სპილენძის მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია და თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ავსტრალიას. ეს უპირატესობა ჩილეს განსაკუთრებულ გავლენას აძლევს გლობალურ მიწოდებაზე – მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მოთხოვნა სწრაფად იზრდება.
ჩილეს ლიდერობა დიდწილად ატაკამის უდაბნოში მდებარე უზარმაზარ საბადოებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც ქვეყანა სპილენძის გლობალური მიწოდების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად აქცია. საერთო ჯამში, ჩილეს მარაგები მსოფლიო რესურსების დაახლოებით 18%-ს შეადგენს.
მეორე და მესამე ადგილებზე ავსტრალია და პერუ არიან, შესაბამისად, 100 და 85 მილიონი ტონა სპილენძის მარაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები შთამბეჭდავია, ჩილესთან სხვაობა მაინც დიდია.
ამის შემდეგ კი მოდის ქვეყნების ჯგუფი, სადაც მარაგების მოცულობა ერთმანეთთან შედარებით ახლოსაა: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რუსეთი – თითოეულს 80 მილიონი ტონა სპილენძი აქვს მარაგში.
გლობალურად, სპილენძის მარაგები დაახლოებით 980 მილიონ ტონად არის შეფასებული.
| ადგილი | ქვეყანა | მარაგები (მლნ ტონა) |
|---|---|---|
| 1 | ჩილე | 180 |
| 2 | ავსტრალია | 100 |
| 3 | პერუ | 85 |
| 4 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 80 |
| 5 | რუსეთი | 80 |
| 6 | მექსიკა | 53 |
| 7 | აშშ | 47 |
| 8 | ჩინეთი | 41 |
| 9 | პოლონეთი | 33 |
| 10 | ინდონეზია | 21 |
| 11 | ზამბია | 21 |
| 12 | ყაზახეთი | 20 |
| 13 | კანადა | 7 |
| 14 | ინდოეთი | 2 |
| — | სხვა ქვეყნები | 210 |
| — | მსოფლიო ჯამი | 980 |











