Eurostat: რეალური საათობრივი ანაზღაურების დინამიკა ევროკავშირში 2020-2025 წლებში

Eurostat: რეალური საათობრივი ანაზღაურების დინამიკა ევროკავშირში 2020-2025 წლებში

ფოტო: Ibrahim Boran/Unsplash+

 

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლიდან 2025 წლამდე, ევროკავშირში ნომინალური საათობრივი ანაზღაურება 21.9%-ით (€21.5-დან €26.2-მდე) გაიზარდა. ამის მიუხედავად, იმავე დროის პერიოდში, ბლოკში ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე 25.6%-ით გაიზარდა, რამაც სურათი მკვეთრად შეცვალა. შედეგად, ინფლაციისა და ნომინალური ზრდის გათვალისწინებით, ბოლო ხუთ წელიწადში ევროკავშირში რეალური ხელფასების 3%-იანი ვარდნა მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ოჯახების მსყიდველობითი უნარი შემცირდა.

Eurostat-ის მონაცემებით, რომლებიც Euronews-მა გაანალიზა, ოცდაათ ევროპულ ქვეყანას შორის, რეალური ხელფასები და ანაზღაურება 12 ქვეყანაში შემცირდა, ხოლო 18-ში გაიზარდა. უკანასკნელი ხუთი წლის აშკარა ლიდერი ბულგარეთია, სადაც რეალური ანაზღაურება 2020-2025 წლებში 37.4%-ით გაიზარდა. ეს შედეგი დიდწილად 2023 წელს ბულგარეთის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებია, რომელთა თანახმადაც მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

2020-2025 წლების პერიოდში ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სერბეთში (25.4%), ხორვატიასა და ლიეტუვაში (თითოეული 21.1%). საინტერესოა, რომ ამ ქვეყნების ნაწილი 2020 წლისთვის ევროზონის მიღმა იყო — ხორვატია სავალუტო კავშირს 2023 წელს, ხოლო ბულგარეთი 2026 წელს შეუერთდა. ევროზონის კიდევ სამ არაწევრ ქვეყანაში — რუმინეთში (19.7%), უნგრეთსა (18.8%) და პოლონეთში (17.8%) ასევე დაფიქსირდა რეალური ანაზღაურების ზრდა, 15%-დან 20%-მდე.

ევროზონის ქვეყნებს შორის, რეალური ანაზღაურების შედარებით მაღალი ზრდა სლოვენიაში, ლატვიასა და საბერძნეთში მივიღეთ, შესაბამისად, 14.4%-ით, 10.6%-ითა და 8.6%-ით. ცნობისთვის, ევროპის ქვეყნების ნახევარში რეალური ხელფასების ცვლილება -5%-დან 5%-მდე მერყეობდა.

საინტერესოა ისიც, რომ ევროკავშირის ოთხ უმსხვილეს ეკონომიკაში 2020-2025 წლებში რეალური ხელფასები შემცირდა. ყველაზე დიდი კლება იტალიაში დაფიქსირდა — 9.2%, შემდეგ ესპანეთში — 5.9%. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული შედეგები მივიღეთ გერმანიასა (-3.2%) და საფრანგეთში (-3.3%).

ამას ეკონომისტები ნაწილობრივ შემდეგი მიზეზით ხსნიან: ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ბულგარეთია, სადაც საათობრივი ანაზღაურება 2020 წელს მხოლოდ €5.7 იყო და 2025 წლისთვის €10.5-მდე გაიზარდა, უფრო მაღალი პროცენტული მატება მივიღეთ, მაგალითად, მაშინ, როდესაც გერმანიაში იგივე მონაცემი €28.6-დან €34.5-მდე გაიზარდა. 2025 წელს, ბულგარეთში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი საათობრივი ხელფასი ფიქსირდებოდა, ლიდერ ქვეყნებს მიღმა რჩებოდა უნგრეთი და რუმინეთი.

რეალური სურათის შესაფასებლად, ასევე აუცილებელია ნომინალური ხელფასების ზრდისა და ინფლაციის ერთმანეთთან შედარება. 2020 წლის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში ხელფასების 60%-ზე მაღალი ნომინალური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბულგარეთში (84.2%), უნგრეთსა (82.7%) და რუმინეთში (73.1%) მივიღეთ. თუმცა იმავე ქვეყნებში ინფლაციამ რეკორდულ ნიშნულებს — შესაბამისად, 34.1%-ს, 53.7%-სა და 44.6%-ს — მიაღწია. ამის საპირისპიროდ კი ყველაზე დაბალი ნომინალური ზრდა, 9.5% იტალიაში, მალტასა (13.3%) და საფრანგეთშია (14.1%).

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2025 წლის მონაცემებით, ბულგარეთში საათობრივი ანაზღაურება ყველაზე დაბალია (€10.5), ხოლო ლუქსემბურგში ყველაზე მაღალი — €49.7. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი სხვაობის შემცირებას ცდილობს, ამ ორ სახელმწიფოს შორის სხვაობა კვლავ მაღალია. უცვლელია ტენდენციაც: ხელფასები ყველაზე მაღალი ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაშია, ხოლო ყველაზე დაბალი — აღმოსავლეთ ევროპაში. სხვაობა შესამჩნევია ევროკავშირის უმსხვილეს ეკონომიკებს შორისაც: გერმანიაში საათობრივი ანაზღაურება €34.5-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ €19.5-ს უტოლდება.

რეალური საათობრივი ანაზღაურების დინამიკა ევროკავშირში 2020-2025 წლებში (ტოპ-10 ქვეყანა)

ქვეყანამაჩვენებელი
ბულგარეთი37.4%
სერბეთი25.4%
ხორვატია21.1%
ლიეტუვა21.1%
რუმინეთი19.7%
უნგრეთი18.8%
პოლონეთი17.8%
ისლანდია15.1%
სლოვენია14.4%
ლატვია10.6%