Photo by Daniel Ceng/Anadolu via Getty Images
ერიკ ტრამპი თებერვალში გამოჩნდა შემოსავლების ანგარიშგების ზარზე, რათა გაემეორებინა ის, რასაც ტრამპები ყველაზე კარგად აკეთებენ – წარმატებული გაყიდვები. მისი კომპანია American Bitcoin Nasdaq-ზე სულ ერთი წლის წინ გამოვიდა. „ჩვენ სწრაფად ვხდებით ბიტკოინის სამყაროს ლიდერები და ვფიქრობ, ყველაზე დიდი ბრენდი გვაქვს”, – განაცხადა ერიკმა.
ოჯახური ტრადიცია – გაბერილი რიცხვები
ტრამპების ოჯახმა დიდი ხნის წინ ისწავლა, რომ ფულის შოვნა შეიძლება იმ ილუზიის გაყიდვით, რომ ყველაფერი უფრო დიდია, ვიდრე სინამდვილეშია. ფრედ ტრამპი, დონალდის მამა, ხელისუფლებას ატყუებდა პროექტების ღირებულების შესახებ. თავად დონალდმა ბანკები მოატყუა მისი აქტივების ღირებულების თაობაზე – ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს თაღლითობა იყო. ერიკი ამ საქმეში თავადაც გაეხვა და ორი წლით აეკრძალა ნებისმიერი ნიუიორკული კორპორაციის ხელმძღვანელად ყოფნა. შესაბამისად, ახალი კომპანია მან სხვა შტატში, დელავერში დააფუძნა.
„ფულის სტამბა” – რეალობა vs. მითი
ერიკის თქმით, American Bitcoin-ი ბიტკოინს „მაინინგის” გზით მისი ღირებულების დაახლოებით ნახევარ ფასად ქმნის. თებერვლის შეხვედრაზე მან განაცხადა: „ჩვენ ყოველდღიურად ვახერხებთ ერთეული ბიტკოინის მაინინგს დაახლოებით 57,000–58,000 დოლარად” – მაშინ, როცა ბიტკოინი ორჯერ მეტი ღირდა. – „შეუძლებელია უკეთესი ფუნდამენტური მაჩვენებლები გვქონდეს”.
თუმცა ხსენებული $57,000 მხოლოდ მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯია. თუ მოწყობილობების შეძენას, მარკეტინგსა და კაპიტალის განაწილებას დაამატებთ, ერთი ბიტკოინის რეალური ღირებულება $92,000-მდე იზრდება – მოგებიანობა კი მხოლოდ ფასების მაღალ დონეზეა შესაძლებელი.
უცნაური ფინანსური სქემა
კომპანიამ $330 მილიონი დახარჯა მაინინგ-მოწყობილობების განახლებაზე, მაგრამ ნაღდი ფულის ნაცვლად ბიტკოინი გირაოდ ჩადო. თუ კრიპტოს ფასი დაეცა, კომპანია ვალდებულია, გირაო დაფაროს – 3,090 ბიტკოინი. პრობლემა ისაა, რომ კომპანიას ამ დრომდე სულ 1,800 ბიტკოინი აქვს გამომუშავებული. ამ ტემპით, 2027 წლის აგვისტომდე, მოპოვებული კრიპტო, სავარაუდოდ, მთლიანად გაქრება.
ამ გარემოებას კომპანია ინვესტორებს უმალავს – ბალანსზე არსებული ბიტკოინი პრეზენტაციების ცენტრშია, გირაოზე ინფორმაცია კი ნიველირებულია.
არბიტრაჟის სქემა
American Bitcoin-ის ბიტკოინის 70% მაინინგიდან არ მოდის – კომპანია უბრალოდ აქციების გაყიდვიდან მიღებული ფულით ღია ბაზარზე ყიდულობს კრიპტოს. სქემა მარტივია: MAGA-ბრენდის ძალით აქციების ფასის გაბერვა, შემდეგ კი – სანამ ფასი მაღლაა – მათი გაყიდვა და ბიტკოინის შეძენა.
გაყიდვები სწრაფად დაიწყო. პირველი 27 დღის განმავლობაში კომპანიამ 11 მილიონი აქცია $90 მილიონად გაყიდა. შემდეგ კიდევ 7 მილიონი, კიდევ 47 მილიონი… სულ: $525 მილიონი დახარჯა კრიპტოზე, რომელიც ახლა $390 მილიონი ღირს. ანუ $135 მილიონი – ინვესტორების ფული – გაქრა.
ვინ გაიმარჯვა და ვინ წააგო?
ერიკ ტრამპს კომპანიაში თითქმის არაფერი ჩაუდვია. მიუხედავად ამისა, მისი პირადი კაპიტალი $190 მილიონიდან $280 მილიონამდე გაიზარდა. ამ მოცემულობით ინსაიდერებმაც კარგად ისარგებლეს. ჩვეულებრივი ინვესტორები კი, ვინც ნარატივის ირწმუნეს – დაახლოებით $500 მილიონით დაბლა არიან. American Bitcoin-ის აქცია პიკიდან 92%-ით დაეცა.
„გაკოტრებული ბანკები” – კიდევ ერთი მითი
კრიპტოს კონფერენციებზე ერიკი რეგულარულად ჰყვება, თუ როგორ „გაკოტრდა” ყველა ბანკი ტრამპების მომსახურებაზე. „ყველა მსხვილი ბანკი ჩვენს ანგარიშებს ხურავდა”, – ამბობს ის. სინამდვილეში: Capital One-მა და JPMorgan-მა გარკვეული ანგარიშები 2021 წელს დახურეს, მაგრამ იმავე JPMorgan-მა მალევე ტრამპების ორი უმსხვილესი სესხის რეფინანსირება აიღო თავის თავზე. 2021–2022 წლებში ტრამპებმა $700 მილიონი ვალის რეფინანსირება მოახერხეს მსხვილი კრედიტორების დახმარებით.
მომავალი – საამიროები?
ბიტკოინი American Bitcoin-ის გამოშვებიდან 31%-ით დაეცა. თუ ფასი არ გაუმჯობესდება, კომპანიას 35%-იანი ზრდა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ $135-მილიონიანი ზარალი გაანეიტრალოს.
ამასობაში, კომპანიის CEO მაიკ ჰო არაბ ინვესტორებთან – არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ ADQ-სთან და ენერგეტიკულ კომპანია TAQA-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ორივე კომპანია დაკავშირებულია შეიხ თაჰნუნ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან – ადამიანთან, ვინც ტრამპების სხვა კრიპტო-ვენჩურულ წამოწყებებში უკვე $375 მილიონი ჩადო.
„მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს”, – ამბობს ჰო.












