Photo Credits to AFP via Getty Images
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) გამოაცხადა, რომ 1 მაისიდან ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის, OPEC-ის წევრი აღარ იქნება. გადაწყვეტილება „გრძელვადიანი სტრატეგიული და ეკონომიკური ხედვით” აიხსნება და შეიძლება სერიოზულად შეარყიოს ორგანიზაციის უნარი, გააკონტროლოს ნავთობის მიწოდება და მსოფლიო ფასები.
მთავარი ფაქტები
UAE-მ ორგანიზაციიდან გამოსვლის გადაწყვეტილება სახელმწიფო სააგენტო WAM-ის მეშვეობით გამოაცხადა. განცხადებაში ბაზრის „მოკლევადიანი რყევები” და შიდა ენერგეტიკულ წარმოებაში ინვესტიციების გაზრდის სურვილია მოხსენიებული.
განცხადება ასევე ეხება ამერიკისა და ისრაელის მიერ თებერვალში დაწყებულ ირანის ომს, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად შეაფერხა – სრუტე ენერგეტიკის მსოფლიო ბაზრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გასასვლელია.
UEA OPEC-ის მესამე უდიდესი ნავთობმწარმოებელია საუდის არაბეთისა და ერაყის შემდეგ. ორგანიზაციას ასევე დატოვებს OPEC+, 2016 წელს შექმნილი ფართო ალიანსი, რომელიც OPEC-ის 12 ძირითად წევრს და 10 სხვა მსხვილ მწარმოებელს, მათ შორის რუსეთს, მექსიკასა და ყაზახეთს აერთიანებს.
რას უნდა ვადევნოთ თვალი?
ნავთობის ფასი: Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი სამშაბათს 4%-ით გაიზარდა და $105-ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა ირანის წინადადებით ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ. შემდეგ ფასი $104-მდე დაეცა, როდესაც UAE-მ OPEC-ის დატოვება გამოაცხადა. გასული კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.
კონტექსტი
OPEC 1960 წელს დაარსდა ფასების სტაბილიზაციის მიზნით – წევრი ქვეყნების წარმოების კოორდინირებით. ამჟამად ორგანიზაციას 12 წევრი ქვეყანა ჰყავს: საუდის არაბეთი, ერაყი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ალჟირი, ლიბია, ნიგერია, გაბონი, ეკვატორული გვინეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ვენესუელა.
OPEC-ის დატოვება UAE-ს უფრო მეტ მოქნილობას მისცემს ბაზრის დინამიკაზე რეაგირებისთვის. ქვეყნის ეროვნულ ნავთობკომპანიას – Abu Dhabi National Oil Company-ს – 2027 წლისთვის უკვე დასახული აქვს მიზანი: ნავთობის წარმოების სიმძლავრე დღეში 5 მილიონ ბარელამდე (2023 წელს 2.94 მილიონი იყო) გაიზარდოს.
მნიშვნელოვანი რიცხვი
მსოფლიოს ნედლი ნავთობის დაახლოებით 35%-ის წარმოება მოდის OPEC-ის წევრ ქვეყნებზე. ამ ქვეყნების ნავთობის ექსპორტი კი საერთაშორისო ვაჭრობაში ნავთობის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
საინტერესო ფაქტი
ანალიტიკოსების დაკვირვებით, OPEC-ის გავლენა გლობალურ ნავთობის ბაზარზე დროთა განმავლობაში სუსტდება – არაწევრი ქვეყნების, მათ შორის ბრაზილიისა და აშშ-ის, წარმოება საკმაოდ სწრაფად იზრდება, რომ ნაწილობრივ აანაზღაუროს OPEC-ის მიწოდების შემცირება.












