ფოტო: eunews.it
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იტალიური ენერგოკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ენერგოკომპანიამ, SOCAR-მა, Italiana Petroli-ის 99.92%-იანი წილი შეიძინა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დავითაშვილი იტალიაში IP-ის ოპერაციებს უხელმძღვანელებს. მისი მთავარი ამოცანა ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, იტალიის ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერება და SOCAR-ის ჯგუფთან ინტეგრაციის პროცესის მართვა იქნება.
ლევან დავითაშვილი 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა. 2025 წლის ნოემბრიდან კი დავითაშვილი SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.










