საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზე – Miami Ad School-ი ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).
რა არის საჭირო ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად? და რა ხდის განაცხადებს სხვებისგან გამორჩეულს?
ამ კითხვებზე და საქართველოს ბანკთან პარტნიორობაზე კრეატიული დირექტორი და Miami Ad School Madrid-ის კოორდინატორი, პაულა კაბანილასი გვესაუბრება.
რატომ საქართველო და რატომ ეს პარტნიორობა?
Miami Ad School-ში სჯერათ, რომ გამორჩეული კრეატიული ნიჭი გეოგრაფიული საზღვრებით არ უნდა იზღუდებოდეს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველმა სტუდენტებმა დაამტკიცეს, რომ ისინი კრეატიულობას სიღრმისეულად, კულტურული სიამაყით და იდეების განვითარების დაუოკებელი სურვილით ეკიდებიან.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო.
“როდესაც ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტი მომავალ კრეატიულ თაობაში ინვესტიციას აკეთებს, ეს არის ზუსტად ისეთი სიგნალი, როგორიც ინდუსტრიას დღეს სჭირდება”, – აღნიშნავს პაულა.
მადრიდი – საუკეთესო ადგილი კრეატიული ზრდისთვის
დღეს მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრეატიული დედაქალაქია და ისეთი გლობალურად აღიარებული სააგენტოების სახლია, როგორებიცაა DAVID, Lola, GUT, PS21 და McCann.
“ქართველი სტუდენტისთვის Miami Ad School Madrid-ი მხოლოდ მაღალი დონის სწავლას არ ნიშნავს. ეს არის რეალური შანსი, გახდე მრავალფეროვანი, საერთაშორისო კრეატიული სცენის ნაწილი, სადაც განსხვავებულ კულტურულ ხედვებს ნამდვილად აფასებენ. ამასთან, ქალაქი კომფორტული და სტუმართმოყვარეა”, – გვიყვება პაულა.
„სწავლა კეთებით“
კრეატიულობაში არ არსებობს უნივერსალური სწორი პასუხები, ეს მათემატიკა არ არის. ამიტომ, თეორიული მიდგომები ხშირად ახშობს შემოქმედებითობას. Miami Ad School-ში სტუდენტები პირველივე დღიდან რეალურ ბრიფებზე მუშაობენ, რეალური შეზღუდვებითა და გამოწვევებით.
“აქ ტრადიციული გამოცდები არ არსებობს. შეფასება იმავე პრინციპით ხდება, როგორც ინდუსტრიაში: შენი იდეების ხარისხით და მათი დაცვის უნარით. უკუკავშირი, რომელსაც სამშაბათს ლექტორისგან იღებ, ზუსტად ისეთია, როგორსაც ოთხშაბათს, სააგენტოში კრეატიულ განხილვაზე მიიღებდი”, – ამბობს პაულა.
შედეგად, კურსდამთავრებული არა მხოლოდ სერტიფიკატს, არამედ მყარ პორტფოლიოსა და იმ ადამიანის თავდაჯერებულობას იღებს, რომელსაც ეს საქმე უკვე ნამდვილად აქვს გაკეთებული.
რა გამოარჩევს შენს პორტფოლიოს?
ასობით განაცხადის განხილვისას, სკოლის წარმომადგენლები ტექნიკურ უნარებზე მეტად არამატერიალურ თვისებებს ეძებენ – უნიკალურ იდეას, ძლიერ ისტორიას სამოტივაციო წერილში ან თუნდაც დაუმუშავებელ, მაგრამ ბრწყინვალე კონცეფციას.
“განაცხადებს ისევე ვუყურებთ, როგორც რეკლამას – ვეძებთ რაღაცას, რაც გაგვაკვირვებს და გვაფიქრებინებს: „ნეტავ ეს მე მომსვლოდა აზრად“. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გარისკონ და არ ცდილობენ, უბრალოდ უსაფრთხო გზით მოგვაწონონ თავი”, – აღნიშნავს პაულა.
სკოლა ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ორიგინალურობას და არა უნაკლოდ „დავარცხნილ“ ნამუშევრებს.
“ტექნიკური უნარების სწავლება შესაძლებელია, მაგრამ განსხვავებული ხედვა, პრობლემის დანახვის უჩვეულო გზა, სწორედ ეს არის ნიჭის შესანიშნავი საწყისი წერტილი. ჩვენი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები სკოლაში ხშირად არასრულყოფილი პორტფოლიოებით, მაგრამ დიდი იდეების წყურვილით მოვიდნენ”, – ამბობს პაულა.
ქართული კულტურული კოდი, როგორც უპირატესობა
გლობალურ აუდიტორიაში, სადაც ბევრი ნამუშევარი ერთმანეთს ემსგავსება, კულტურული თვითმყოფადობა განსაკუთრებით ფასობს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველი სტუდენტები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ მათი წარმომავლობა და კულტურა აქტივია და არა ის, რაც უნდა დამალონ ან გაანეიტრალონ.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი (AI) ინდუსტრიას გარდაქმნის, თუმცა Miami Ad School-ში ამას საფრთხედ არ მიიჩნევენ. პირიქით, ხედავენ მას, როგორც შესაძლებლობას ახალი იდეებისთვის. პაულა ამ მოვლენას ისტორიულ პარალელთან აიგივებს:
“როდესაც ფოტოგრაფია გამოიგონეს, ბევრი მხატვარი ფიქრობდა, რომ ეს მათი სამყაროს დასასრული იყო. სინამდვილეში, სწორედ ამან მისცა ბიძგი რეალისტური მხატვრობიდან აბსტრაქციონიზმისა და ავანგარდისკენ გადასვლას. ჩვენთვისაც, AI-მ უფრო კრეატიულები უნდა გაგვხადოს და არა პირიქით”, – გვიყვება პაულა.
სკოლის ხედვით, მთავარი მაინც იდეა და კონცეფციაა, AI კი ინსტრუმენტია, რომელიც საზღვრების გარეშე, უფრო მასშტაბურად ფიქრის საშუალებას იძლევა. კრეატივი, რომელმაც იცის, როგორ მართოს AI ზუსტად, გემოვნებითა და ძლიერი ხედვით – აი, ვინ არის მომავლის პროფესიონალი.
3 რჩევა აპლიკანტებს
და ბოლოს, Miami Ad School Madrid-ის კრეატიული დირექტორი მათ, ვინც ახლა მუშაობს საკუთარ განაცხადზე ურჩევს:
- შექმენი პორტფოლიო, რომელიც შენ ხარ. ნუ ეცდები გამოიცნო, რას ვეძებთ. გვაჩვენე, როგორ ვლინდება შენი კრეატიულობა, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობაში, პირად პროექტებში თუ როგორც თვითნასწავლი ტალანტის შემთხვევაში.
- მოგვიყევი შენ შესახებ. დაწერე ისეთი „ჩემ შესახებ“ სექცია, რომელიც დაგვიტოვებს განცდას: „ამ ადამიანთან ერთად სიამოვნებით დავლევდი ყავას.“
- უბრალოდ გააკეთე. ნუ დაელოდები, სანამ იდეალური პორტფოლიო გექნება, რადგან ის არასდროს იქნება იდეალური.
“მთავარია, დაგვანახო პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ცეცხლად გადაქცევის პოტენციალი აქვს”, – ამბობს პაულა.
უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ბმულს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
S













