„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალამდე „არსენალის“ ღირებულება 23%-ით გაიზარდა | Football Benchmark-ის განახლებული რეიტინგი

„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალამდე „არსენალის“ ღირებულება 23%-ით გაიზარდა | Football Benchmark-ის განახლებული რეიტინგი

ფოტო: Arsenal FC via Getty Images

 

Football Benchmark-ის ევროპული საფეხბურთო კლუბების შეფასების განახლებულ რეიტინგში „პრემიერლიგის“ ჩემპიონის, „არსენალის“ ღირებულება გასულ წელთან შედარებით 23%-ითაა გაზრდილი და €4.9 მილიარდს აღწევს. შედეგად, ცხრილში „არსენალი“ ორი პოზიციით, მეხუთე ადგილზე დაწინაურდა და ინგლისში ახლა, მანჩესტერული კლუბების შემდეგ, მესამე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო გუნდია.

Football Benchmark-ის შეფასებები 2024-2025 წლების სეზონის ფინანსურ მონაცემებს ეფუძნება, შესაბამისად, არ ითვალისწინებს გასულ კვირას, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, „არსენალის“ მიერ ლიგის პირველი ტიტულის მოპოვების შედეგად მოსალოდნელ შემოსავლების ზრდას. შაბათს ინგლისური კლუბი „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენსაც“ დაუპირისპირდება, რაც მას რეიტინგში უფრო მაღალი პოზიციების დაკავების შანსს აძლევს.

ახლა „არსენალი“ სულ ცოტათი ჩამორჩება „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომლის ღირებულებაც €5.1 მილიარდს შეადგენს და იმ ფინანსურ დონესაც უახლოვდება, რომელსაც ტრადიციულად ორი მანჩესტერული საფეხბურთო კლუბი იკავებს ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისური ფეხბურთის უმდიდრეს გუნდად მიიჩნეოდა, 2016 წლის შემდეგ Football Benchmark-ის რეიტინგის სამეულს პირველად გამოეთიშა.

ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად კი კვლავ „მადრიდის რეალი“ რჩება. ესპანეთის სამეფო კლუბის ღირებულება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 20%-ზე მეტითაა გაზრდილი და €7.7 მილიარდს აღწევს. შედეგად, მადრიდული კლუბი მნიშვნელოვნად უსწრებს „ბარსელონას“, რომელიც Football Benchmark-ის მიერ €5.9 მილიარდადაა შეფასებული.

საერთო ჯამში, Football Benchmark-ის ევროპის ტოპ-32 კლუბს შორის „პრემიერლიგა“ ცხრა საფეხბურთო გუნდითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე ადგილზეა იტალიის „სერია A“ — შვიდი კლუბით. განახლებულ სიას ახალწვეულებიც ჰყავს, მათ შორის: „ნიუკასლ იუნაიტედი“, „გალათასარაი“, „ფეიენოორდი“ და „ლილი“.

რაც შეეხება „არსენალს“, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბის შეფასების ზრდაზე დადებითად აისახა შემოსავლების ყოვლისმომცველი მატება, განსაკუთრებით კი – კომერციული და სხვა წყაროებიდან. გასული ათწლეულის განმავლობაში „არსენალის“ საერთო ბიზნესღირებულება (enterprise value) თითქმის 200%-ით გაიზარდა, რითაც მან გაუსწრო ცხრილის ლიდერებს, მათ შორის „მადრიდის რეალს“. თუმცა კვლავ ჩამორჩება „პსჟ-ის“ 400%-იანი ზრდის მაჩვენებლებს, რაც ძირითადად Qatar Sports Investments-ისა და Arctos Partners-ის ფინანსური მხარდაჭერის შედეგია.

ცნობისთვის, Football Benchmark-ის რეიტინგში „ჩემპიონთა ლიგის“ მოქმედი ჩემპიონი და წლევანდელი ფინალისტი მერვე ადგილზეა. წლიურ ჭრილში „პარი სენ-ჟერმენის“ ღირებულება 20%-ითაა გაზრდილი და 4.5 მილიარდ ევროს აღწევს.

Football Benchmark-ის ყველაზე ძვირადღირებული ევროპული საფეხბურთო კლუბების ათეული ასე გამოიყურება:

„მადრიდის რეალი“ – 7.7 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 23%

„ბარსელონა“ – 5.9 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„მანჩესტერ სიტი“ – 5.1 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – უცვლელია

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 5 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„არსენალი“ – 4.9 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„მიუნხენის ბაიერნი“ – 4.7 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„ლივერპული“ – 4.69 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„პარი სენ-ჟერმენი“ – 4.5 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„ტოტენჰემი“ – 3.6 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%

„ჩელსი“ – 3 მილიარდი ევრო, წლიური ზრდა – 33%