აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო

ფოტო: Getty Images

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულების მიმართულებით წინასწარი შეთანხმება შედგა, თუმცა ახლა დონალდ ტამპისგან საბოლოო დამტკიცებას ელის. არსებული ინფორმაციით, ეს მოლაპარაკებების პროცესში აქამდე მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია.

Axios-ის ცნობით, მხარეებმა მემორანდუმის ძირითად პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. დოკუმენტი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს.

ამასთან, შეთანხმებას ორივე მხარის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობა სჭირდება. წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე მოითხოვა.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, ხოლო ირანი ვალდებული იქნება 30 დღის განმავლობაში სრუტეში განთავსებული ყველა ნაღმი გააუვნებლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი ასევე დათანხმდება ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმას და დაიწყებს მოლაპარაკებებს გამდიდრებული ურანის განადგურების ან გადაცემის საკითხზე.

საპასუხოდ, აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს შეამსუბუქებს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს შეუწყობს ხელს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ლიბანში მიმდინარე ომის დასრულებას.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. აშშ-მა განაცხადა, რომ სამხრეთ ირანში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა და ჰორმუზის სრუტის თავზე ოთხი დრონი ჩამოაგდო.

საპასუხოდ, ირანმა რაკეტა გაუშვა ქუვეითში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით, თუმცა ის ქუვეითის ძალებმა გაანეიტრალეს. ვაშინგტონმა თეირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.

დაძაბულობა ორშაბათსაც გაგრძელდა, როდესაც აშშ-მა იერიში მიიტანა ორ ირანულ გემზე, რომლებიც, ამერიკული მხარის მტკიცებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. შეტევა განხორციელდა სარაკეტო გამშვებ პოზიციებზეც. ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საპასუხოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკული დრონი ჩამოაგდო და სამხედრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა.

ამის ფონზე, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ირანული ავიაკომპანიებისთვის დასაფრენების, საწვავის მიწოდებისა და ბილეთების გაყიდვის შეზღუდვას იწყებს. მისივე თქმით, სანქციები შეეხებოდათ იმ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებსაც, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილებისთვის ირანს გადასახადებს უხდიან.

ამავე დროს, ტრამპმა ომანი გააფრთხილა, რომ სამხედრო პასუხს უნდა ელოდოს, თუ ის ირანთან ერთად ჰორმუზის სრუტის კონტროლში ჩაერთვება.