ბიუჯეტის დეფიციტით საქართველო მსოფლიოში 129-ე ადგილზეა

2 (8)

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 129-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებზე მეტი ხარჯებია, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარად მთავრობა ფულს სესხულობს. რადგან დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის და ამასთან, სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებს იწვევს, მისი არსებობა არასასურველია.

დეფიციტის ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიონი ლარია დეფიციტი) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან დეფიციტის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. დეფიციტის ეკონომიკისადმი ტვირთი მისი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობით განისაზღვრება.

ქვეყნების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. სავალუტო ფონდი ინფორმაციას ე.წ. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტზე აქვეყნებს. ნაერთი ბუჯეტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების კონსოლიდირებული ვერსიაა. ფონდი დეფიციტის მაჩვენებლად ბიუჯეტის წმინდა სესხების მაჩვენებელს მიიჩნევს, ანუ ჯამში რა თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რაც ვალის აღებით დაიფარა.

საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის ბიუჯეტის დეფიციტით საქართველო 188 ქვეყანას შორის 129-ე ადგილზეა. საქართველოზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი 128 ქვეყანას აქვს, 59 ქვეყანას კი ნაკლები დეფიციტი, ან პირიქით, სიჭარბე აქვს. 2024 წელს საქართველო რეიტინგში 91-ე ადგილზე იყო, ანუ 2025 წელს პოზიცია 38 საფეხურით გაუმჯობესდა, რაც დეფიციტის შემცირებამ განაპირობა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -1.5% იქნება. 2024 წელს ეს მაჩვენებელი მშპ-ის -2.3% იყო. 2020-2021 წლებში დეფიციტი საშუალოდ 7.6% იყო, რაც კოვიდპანდემიამ განაპირობა. პანდემიის შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხარჯები კი გაიზარდა და გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტიც. პანდემიამდე, წინა 5 წლის საშუალო დეფიციტი მშპ-ის -1.1% იყო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნომინალურ გამოსახულებაში 2026 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2.9 მილიარდი ლარი იქნება (მშპ-ის 2.5%), 2025 წელს კი 2.2 მილიარდი ლარი იყო. 2026 წლის 2.9 მილიარდი ლარის დეფიციტს მთავრობა ახალი ვალების აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დააფინანსებს, 2.2 მილიარდ ლარს ისესხებს, ხოლო 700 მილიონ ლარს ნაშთიდან გამოიყენებს.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დიდი ბიუჯეტის დეფიციტი აქვთ

სავალუტო ფონდის მიხედვით, 2025 წელს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი დეფიციტი ტიმორ-ლესტეს ჰქონდა, მშპ-ის -48%. შემდეგ მოდის ლიბია -31%-ით და უკრაინა -23%-ით.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2025 წელს ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი რუსეთს ჰქონდა, მშპ-ის მიმართ -3.9%. შემდეგ სომხეთი მოდის მშპ-ის მიმართ -3.7%-ით. თურქეთში ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -2.8%-ია, აზერბაიჯანს კი ბიუჯეტში სიჭარბე ჰქონდა მშპ-ის 2.6%-ის დონეზე.

2025 წელს მსოფლიოში 33 ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტი არ ჰქონდა. მათ მთავრობებს შემოსავალი უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე ხარჯები. ყველაზე მაღალი სიჭარბე ქუვეითს ჰქონდა – მშპ-ის 28%. შემდეგ მოდის ნორვეგია 9%-ით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 5.2%-ით.

ყველაზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი მქონე 10 ქვეყანა 2025 წელი

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1ტიმორ -ლესტე-48
2ლიბია-31
3უკრაინა-23
4კირიბატი-15
5ბრუნეი-13.4
6ბაჰრეინი-13
7სენტ-ვინსენტი და გრენადინები-12.3
8სენტ-კიტსი და ნევისი-11.7
9ბოლივია-11.6
10მალავი-11.5

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა