ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა

Web (1) (2)

2025 წელს საქართველომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოში მე-17 ადგილი დაიკავა. 2024 წელს საქართველო მე-16 ადგილზე იყო.

სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია.

2025 წელს მსოფლიოში სულ 38 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.7% იყო.

საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის შეტანაზე 2006 წელს დაწესებული ემბარგო მოხსნა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა. 2021-2024 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და 2019 წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. 2025 წელს კი საქართველომ 268 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 3%-ით ნაკლებია 2024 წლის ღვინის ექსპორტზე.

2025 წელს საქართველომ ღვინო სულ 71 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 171 მლნ დოლარის რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 64%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 17 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 13.4 მლნ დოლარით, ჩინეთი 9.8 მლნ დოლარით, ყაზახეთი 9.6 მლნ დოლარით და ბელარუსი 8.4 მლნ დოლარით.

საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი

წყარო: საქსტატი

მოცულობის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 90 ათასი ტონა ღვინო გაიტანა, რაც 5.2%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები

The World Factbook-ის მონაცემებით, 2025 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 12.6 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის მსოფლიო საექსპორტო ბაზრის 33% უჭირავს. მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 8.8 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთსა და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 56% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.4 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 79% მოდის.

არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ავსტრალია (1.6 მილიარდი დოლარი) და ჩილე (1.5 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.

ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ავსტრია (270 მლნ დოლარი) და დანია (235 მლნ დოლარი) არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2025 წელს თურქეთმა 23 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. სომხეთმა 5 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, აზერბაიჯანმა 4.5 მლნ დოლარის, რუსეთმა კი 4.4 მლნ დოლარის.

მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აშშ-ია, რომელმაც 2025 წელს 7 მილიარდის ღვინო იყიდა, რაც რუსეთში ღვინის იმპორტზე 9-ჯერ მეტია.

ღვინის ექსპორტიორი ტოპ-20 ქვეყანა, 2025 წელი

 ქვეყანამლნ აშშ დოლარი
1საფრანგეთი12,632
2იტალია8,788
3ესპანეთი3,430
4ავსტრალია1,601
5ჩილე1,523
6ახალი ზელანდია1,261
7გერმანია1,120
8პორტუგალია1,116
9აშშ850
10არგენტინა648
11სამხრეთი აფრიკა632
12ბელგია568
13სინგაპური492
14გაერთიანებული სამეფო490
15ნიდერლანდები457
16ავსტრია270
17საქართველო268
18დანია235
19ჰონგ-კონგი196
20მოლდოვა149

წყარო: The World Factbook

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა