აშშ-მა BYD, Alibaba და Baidu ჩინეთის სამხედრო სექტორთან კავშირში მყოფ კომპანიათა სიაში შეიყვანა

აშშ-მა BYD, Alibaba და Baidu ჩინეთის სამხედრო სექტორთან კავშირში მყოფ კომპანიათა სიაში შეიყვანა

ფოტო: Qilai Shen/Bloomberg

 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინური კომპანიების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი შეფასებით, ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს. სიაში მოხვდნენ ჩინეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული კომპანიები, მათ შორის ელექტრომობილების მწარმოებელი BYD, ინტერნეტგიგანტები Alibaba და Baidu, ასევე ელექტრომობილების მწარმოებელი Nio.

განახლებული ჩამონათვალი 2025 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვერსიას ცვლის და გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა სავაჭრო დაპირისპირების მიუხედავად ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნების სურვილი გამოხატეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, სიაში მოხვედრილი კომპანიები „ჩინურ სამხედრო კომპანიებად“ შეიძლება ჩაითვალონ და მათი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება პეკინის სამხედრო და ინდუსტრიული პოტენციალის განვითარებას.

განახლებულ სიას დაემატნენ ასევე მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები CXMT და YMTC, ბიოტექნოლოგიური კომპანია WuXi AppTec-ი, რობოტიკის სფეროში მოქმედი RoboSense Technology და Unitree, რომელიც ჰუმანოიდური და ოთხფეხა რობოტების ერთ-ერთი წამყვანი ჩინური მწარმოებელია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანიების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. Alibaba-მ განაცხადა, რომ მისი სიაში მოხვედრა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და კომპანია არც ჩინეთის სამხედრო სტრუქტურასთან და არც ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამასთან არ არის დაკავშირებული.

მსგავსი განცხადებები გაავრცელეს Baidu-მ და WuXi AppTec-მაც. ორივე კომპანიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მცდარია და მის გასასაჩივრებლად სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ.

ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში აშშ-ის ქმედება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება ჩინური კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული სიების შექმნას. ჩინური მხარის შეფასებით, აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მსგავსი პრაქტიკა და უცხოური კომპანიებისთვის სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემო შექმნას.

ამავდროულად, სიიდან ამოიღეს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, CNOOC-ის, ორი შვილობილი კომპანია. თუმცა სიას დაემატა CNOOC-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანია – China BlueChemical.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი ვალდებულია მსგავსი სია ყოველწლიურად განაახლოს. კომპანიებს კი გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სიიდან ამოღების მოთხოვნის უფლება აქვთ.