Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა „ადიდასი“?

კომპანია „ადიდასი“ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სპონსორია – მან 1970 წლიდან მოყოლებული 200 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა მსოფლიო ჩემპიონატის დაფინანსებაში. ასევე, 1970 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე „ადიდასის“ ბურთით თამაშობდნენ.
„ადიდასის“ ისტორია 1924 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში დაიწყო, ის გერმანელმა ძმებმა რუდოლფ (რუდი) და ადოლფ (ადი) დასლერებმა დააარსეს. რუდოლფი კიდევ ერთი ცნობილი სპორტული კომპანიის – „პუმას“ დამაარსებელია. „ადიდასის“ დაარსებასა და განვითარებაში კი უფრო დიდი წვლილი ადოლფს მიუძღვის. კომპანიას 1949 წლამდე „ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა“ ერქვა.
24 წლის ადოლფ დასლერმა სპორტული ფეხსაცმელების შეკერვა სამრეცხაოს ოთახში დაიწყო. ამ დროს ჰერცოგენაურახში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ იყო და ამიტომ კუსტარულად აწყობილ დანადგარებზე უხდებოდათ ფეხსაცმელების შეკერვა.
დასლერები ახერხებდნენ ფეხსაცმლის წარმოებაში სიახლეები შემოეტანათ (მაგალითად, რკინისწვეტებიანი ძირები, სქელი ტილოს ნაჭერი და ა.შ.) და შესაბამისად საქმე კარგად მისდიოდათ. 1927 წელს საწარმოში 25 ადამიანი მუშაობდა, რომლებიც დღეში 100 წყვილს ფეხსაცმელს კერავდნენ.
გარღვევა მოახდინეს, როცა ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი დაითანხმეს 1936 წლის ოლიმპიადაზე მათი შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით ეასპარეზა. ჯესიმ 1936 წლის ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი აიღო. დასლერების ფეხსაცმლის ცნობადობა და რეპუტაცია სწრაფად გაიზარდა. მე-2 მსოფლიო ომამდე დასლერები წელიწადში 200 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს დასლერებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წარმოება დაევალათ. ომის დროს, 1945 წელს ქარხანა თითქმის განადგურდა და აშშ-ის გავლენის სფეროში მოექცა. ომის დასრულების შემდეგ დასლერებმა დაარწმუნეს ამერიკელები, რომ მათ მხოლოდ ბიზნესი და ფეხსაცმელების წარმოება აინტერესებდათ. წარმოება აღდგა და თავად გერმანიაში მყოფი ამერიკელებიც მათი კლიენტები გახდნენ.
1947 წელს ძმებს უთანხმოება მოუვიდათ. რუდოლფ დასლერმა დააარსა ახალი კომპანია „რუდა“, რომელსაც მოგვიანებით „პუმა“ დაერქვა. ადოლფმა, იგივე ადი დასლერმა კი 1949 წელს ახალი კომპანია „ადიდასი“ დაარეგისტრირა. ძმების კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ. ისე დაასრულეს სიცოცხლე, რომ არ შერიგებულან.
„ადიდასმა“ და „პუმამ“ გააგრძელეს უკვე წარმატებით ნაცადი მარკეტინგული კამპანია, ცნობილ სპორტსმენებს, მათ შორის გერმანიის ფეხბურთის ნაკრების წევრებს უფასოდ სთავაზობდნენ თავიანთი ფეხსაცმელების გამოყენებას. იყო მომენტები, როდესაც სპორტსმენებმა ფულიც კი მოითხოვეს, რომელიც მეტს გადაგვიხდით, მის ფეხსაცმელს ჩავიცმევთო. „ადიდასმა“ დიდი გარღვევა მოახდინა 1954 წელს, როდესაც გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა „ადიდასის“ შეკერილი ბუცებით.
1952 წელს „ადიდასმა“ ფინური კომპანია „კარჰუ სპორტისგან“ ცნობილი სამხაზიანი ლოგო შეიძინა. 50-იანი წლების ბოლოს კომპანია სპორტული ტანსაცმლის და ჩანთების წარმოებას იწყებს.
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან „ადიდასი“ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სპონსორი გახდა, რამაც მისი ნაწარმის, მათ შორის ბურთების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
1960-1970-იანი წლები კომპანიის აღმავლობის წლები იყო, გაყიდვები სწრაფად იზრდებოდა, თუმცა 1978 წელს ადოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიის მართვა მისმა მეუღლემ განაგრძო, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა. მართვა შვილმა ჰორსტ დასლერმა გადაიბარა, მაგრამ მოულოდნელად, 1987 წელს, ისიც გარდაიცვალა. მისმა დებმა კომპანია 1.6 მილიარდ ფრანგულ ფრანკად ფრანგ ბიზნესმენს და მოგვიანებით მინისტრს ბერნან ტაპის მიჰყიდეს. ტაპიმ „ადიდასის“ საწარმოები აზიაში გადაიტანა, რადგან წარმოება იქ გაცილებით იაფი ჯდებოდა.
1997 წელს ტაპი დაიჭირეს ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით. სესხის გადაუხდელობის გამო 2000 წელს „ადიდასი“ ბანკმა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს რობერტ ლუის-დრეიფუსს 4.5 მილიარდ ფრანკად მიჰყიდა. დრეიფუსი საკმაოდ წარმატებული მმართველი იყო, 1993 წლიდან 2000 წლამდე კომპანიის შემოსავლები გააოთხმაგა. 2000 წელს კომპანიამ 7.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
2006 წელს „ადიდასმა“ კომპანია „რიბოკი“ შეისყიდა და ამით „ნაიკის“ მთავარი კონკურენტი გახდა მსოფლიოში. 2006 წელს კომპანიის მოგება 10 მილიარდი ევრო იყო, რომელიც 2012 წლისთვის 15 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. 20 მილიარდს კი 2017 წელს გადასცდა. 2022 წელს „რიბოკის“ ბრენდი გაყიდა 2.5 მილიარდ დოლარად.
დღეს „ადიდასი“ აწარმოებს ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სპორტულ აქსესუარებს, ჩანთებს, ბურთებს, სუნამოებს. არის სპორტის სხვადასხვა სახეობაში რამდენიმე გუნდის სპონსორი და ასევე მის პროდუქციას რეკლამას უკეთებენ ხვიჩა კვარაცხელია, მესი, სალაში, ჯუდ ბელინგემი, ლამინ იამალი, ფლორიან ვირცი და სხვა ცნობილი სპორტსმენები.
2024 წელს კომპანია „ადიდასის“ შემოსავლებმა 24 მილიარდი ევრო შეადგინა, საიდანაც მოგება 756 მლნ ევრო იყო. კომპანიის აქტივები 21 მილიარდ ევრომდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 31 მილიარდი ევროა. დასაქმებული ჰყავს 62 ათასი ადამიანი. ის არის სპორტული ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზეა „ნაიკის“ შემდეგ.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
