საქსტატის თქმით, I კვარტალში საშუალო ხელფასი 2 363.8 ლარს გაუტოლდა

საქსტატის თქმით, I კვარტალში საშუალო ხელფასი 2 363.8 ლარს გაუტოლდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით, 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 952.5 ლარი (წლიური ზრდა: +7.9%);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 290.7 ლარი (+3.1%);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარი (+11.8%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186.0 ლარი (+7.1%).

ამავე დროს, საინტერესოა, რომ 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით მიმდინარე წლის I კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 102.4 ლარით არის შემცირებული. ეს კვარტალურად 4.15%-იან კლებას გულისხმობს.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836.0 ლარი იყო. ქალების შემთხვევაში ხელფასი წლიურად 157.7 ლარით (9.0%-ით) გაიზარდა, ხოლო კაცების შემთხვევაში – 234.7 ლარით (ასევე 9.0%-ით). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი კვლავ თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.