Claude-ი თითოეულ მომხმარებელზე ChatGPT-ზე მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს

Claude-ი თითოეულ მომხმარებელზე ChatGPT-ზე მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს

ფოტო: analyticsvidhya.com

მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, ახალი კვლევის თანახმად, Claude-ი მონეტიზაციის თვალსაზრისით კონკურენტებს უსწრებს და თითოეულ მომხმარებელზე უფრო მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს.

კვლევითი კომპანია Sensor Tower-ის ანგარიშის მიხედვით, ChatGPT-ის iOS და Androidაპლიკაციებმა გასულ თვეში 1 მილიარდ ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია. ამ შედეგის მიღწევა აპლიკაციამ სმარტფონების აპლიკაციების მაღაზიებში გამოჩენიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში შეძლო.

თუმცა, მიუხედავად მომხმარებელთა რაოდენობით ლიდერობისა, ChatGPT-ის ბაზრის წილი შემცირებას განაგრძობს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მარტში მისი წილი პირველად ჩამოსცდა 50%-ს, მაშინ როდესაც 2024 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 81% იყო.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი მატება აჩვენა Anthropic-ის Claude-მა, რომელმაც 2026 წლის დასაწყისიდან მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. გარდა ამისა, აპლიკაცია მონეტიზაციის მაჩვენებლებით კონკურენტებს უსწრებს: Claude-ის iOS-მომხმარებლების 13% ფასიან გამოწერებზე მოდის, მაშინ როცა ChatGPT-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით, Claude-ი თითოეულ მომხმარებელზე საშუალოდ 2.76 დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია ChatGPT-ის 1.74-დოლარიან მაჩვენებელთან შედარებით.

მომხმარებელთა რაოდენობით ChatGPT კვლავ ლიდერია მსოფლიოს უმეტეს ბაზარზე, რუსეთისა და ჩინეთის გამოკლებით. თუმცა Gemini ყველაზე სწრაფად მზარდ AI-აპლიკაციად სახელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობა, იაპონია და სამხრეთი კორეა.

OpenAI-ის აპლიკაცია კვლავ საუკეთესო შედეგს აჩვენებს მომხმარებელთა შენარჩუნების მიმართულებით. გასულ თვეში ახალი მომხმარებლების შენარჩუნების მაჩვენებელი 86% იყო, თუმცა Claude-ი კონკურენტს სწრაფად უახლოვდება — მისი მაჩვენებელი უკვე 73.7%-მდე გაიზარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ChatGPT-ს ბაზარზე პირველი მსხვილი მოთამაშის უპირატესობა კვლავ აქვს, თუმცა მომხმარებლები ალტერნატიული AI-ასისტენტების გამოცდას სულ უფრო ხშირად ცდილობენ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2026 წლის მარტი, როდესაც OpenAI-ის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან თან შეთანხმების გაფორმებას ChatGPT-ის აპლიკაციის წაშლის ტალღა მოჰყვა. ანგარიშის მიხედვით, მარტის მეორე კვირაში აპლიკაციის წაშლის შემთხვევები ჩვეულებრივ დონეს 202%-ით აღემატებოდა. ამ პროცესის მთავარი ბენეფიციარი Claude-ი აღმოჩნდა, რომლის გლობალური ბაზრის წილი თებერვლის 5.1%-დან აპრილში 10%-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, AI-ინდუსტრიაში ფასებთან დაკავშირებული კონკურენციაც ძლიერდება. გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI კორპორაციული მომხმარებლებისთვის ფასების შემცირებას განიხილავს, რათა Anthropic-ს კონკურენცია გაუწიოს. თავის მხრივ, Google-მა მიმდინარე თვეში Gemini AI Plus-ის ყველაზე იაფი პაკეტის ფასი 8 დოლარიდან 5 დოლარამდე შეამცირა.

Claude-ი დაბალბიუჯეტიან ტარიფს საერთოდ არ სთავაზობს მომხმარებლებს და მისი საბაზისო პაკეტის ღირებულება თვეში 20 დოლარიდან იწყება. შედარებისთვის, ChatGPT-ის ყველაზე იაფი „Go“ პაკეტი თვეში 8 დოლარი ღირს.

Sensor Tower-ის პროგნოზით, 2026 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლები AI-აპლიკაციებზე ჯამში 4.25 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 1.83 მილიარდ დოლარს, ხოლო იმავე წლის მეორე ნახევარში 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.