SpaceX-ი AI-კოდირების ფირმა Cursor-ს $60 მილიარდად შეიძენს

SpaceX-ი AI-კოდირების ფირმა Cursor-ს $60 მილიარდად შეიძენს

ფოტო: NurPhoto via Getty Images

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კოდირების პლატფორმა Cursor-ს $60 მილიარდად შეიძენს.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, SpaceX-ი შეიძენს Cursor-ის მშობელ კომპანიას, Anysphere-ს, რომელიც გარიგების დასრულების შემდეგ სრულად მის საკუთრებაში გადავა და შვილობილი კომპანიის სტატუსს მიიღებს. მასკის კომპანიის განცხადებით, შერწყმის დასრულება 2026 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.

გარიგების შესახებ განცხადება ვრცელდება მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ Nasdaq-ზე SpaceX-ის ხმაურიანი დებიუტი შედგა. რეკორდულ პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) მასკის კომპანიამ ჯამში $85.7 მილიარდი მოიზიდა.

სავაჭრო სესიის გახსნისას აქციის ფასი $150 იყო, მაშინ როდესაც IPO-ს დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ საწყისი ფასი $135-ად განსაზღვრა, რაც SpaceX-ს $1.77 ტრილიონად აფასებდა. მოცემული დროისთვის SpaceX-ის ერთი აქციის ღირებულება $192.50-ს შეადგენს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $2.52 ტრილიონს უტოლდება, რაც მას მსოფლიოს მე-6 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს.

რაც შეეხება Cursor-ს, მისი მშობელი კომპანია, Anysphere-ი, 2022 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნდა. პლატფორმა დეველოპერებს კოდის წერის, რედაქტირებისა და გამართვის პროცესის ავტომატიზებაში ეხმარება. Cursor-ი თანამედროვე გენერაციულ AI-მოდელებს იყენებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან, შეცვალონ ან გააანალიზონ პროგრამული კოდი ბუნებრივი ენის გამოყენებით.