ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა მედიასააგენტოს ცნობით, ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დაადასტურეს.
არსებული ინფორმაციით, თემურ უგულავა ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.
თემურ უგულავამ ბიზნესსაქმიანობა ტოტალიზატორ „აჭარაბეთით“ დაიწყო, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა და 2003 წლიდან ონლაინკაზინოც გახდა. მოგვიანებით, უგულავამ სასტუმროების ბიზნესში გადაინაცვლა. მის მიერ დაფუძნებული „აჭარა ჯგუფის“ პორტფელის ნაწილია „რუმსის“ სამი სასტუმრო, „სტამბა“ და „ფაბრიკა“.
უგულავა Forbes Georgia-ს მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის პირველ სიაში მოხვდა. ჩვენი შეფასებით, ბიზნესმენი 282.47 მილიონი ლარის ქონებას ფლობდა და რეიტინგში 41-ე ადგილი დაიკავა.










