Getty Images-ის აქციები ფასი OpenAI-თან შეთანხმების ფონზე 120%-ზე მეტით გაიზარდა

Getty Images-ის აქციები ფასი OpenAI-თან შეთანხმების ფონზე 120%-ზე მეტით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

ვიზუალური კონტენტის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის, Getty Images-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ OpenAI-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში Getty Images-ის ლიცენზირებული ფოტოები და ვიზუალური მასალები ChatGPT-ის საძიებო და აღმოჩენის ფუნქციებში ინტეგრირდება.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ Getty Images-ის აქციების ფასი წინასაბაზრო ვაჭრობის დროს ერთ მომენტში 200%-ზე მეტით გაიზარდა, მოგვიანებით კი ზრდა შემცირდა და დაახლოებით 123%-ზე დასტაბილურდა.

შეთანხმების მიხედვით, ChatGPT მომხმარებლებს Getty Images-ის ლიცენზირებულ ფოტოებს სხვადასხვა ვიზუალურ პასუხებში აჩვენებს. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა OpenAI-ს უფლება, აღნიშნული სურათები რაიმე ფორმით შეცვალოს ან დაამუშაოს.

კომპანიებს ფინანსური დეტალები არ გაუმჟღავნებიათ. ასევე უცნობია, გამოიყენებს თუ არა OpenAI Getty Images-ის ბიბლიოთეკას ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად.

გაურკვეველია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც – გავრცელდება თუ არა შეთანხმება Getty Images-ის მთელ ფოტოარქივზე, მათ შორის როგორც სარედაქციო, ისე კომერციულ ფოტოებზე, და ექნებათ თუ არა ფოტოგრაფებს საკუთარი ნამუშევრების გამოყენებაზე უარის თქმის შესაძლებლობა.

ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესოა Getty Images-ისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ურთიერთობის ფონზე. 2023 წელს კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებების გენერირების ინსტრუმენტის, Stable Diffusion-ის შემქმნელ კომპანია Stability AI-ს სასამართლოში უჩივლა და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

მაშინ Getty Images-ი აცხადებდა, რომ Stability AI-მ საავტორო უფლებებით დაცული მილიონობით ფოტო უკანონოდ დააკოპირა და დაამუშავა. დავის ერთ-ერთი საფუძველი ისიც გახდა, რომ Stable Diffusion-ის მიერ გენერირებულ ზოგიერთ გამოსახულებაზე Getty Images-ის წყლის ნიშნის მსგავსი ელემენტები ჩნდებოდა, რაც მიანიშნებდა, რომ მოდელი შესაძლოა კომპანიის ფოტოარქივზე ყოფილიყო გაწვრთნილი.

მიუხედავად ამისა, Getty Images-ი მაშინვე აღნიშნავდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და კომპანია უკვე თანამშრომლობდა ტექნოლოგიურ კომპანიებთან AI-სისტემების ლიცენზირებული მონაცემებით მომარაგების მიმართულებით.