17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა – UG StartUp Factory-მ, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში პრე-აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day | S2026 და საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა.
წლევანდელი დემო დღე განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა. სტარტაპ პრეზენტაციების ტრადიციულ ფორმატს საგანმანათლებლო კონფერენცია დაემატა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სტუდენტები, სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე, შრომითი ბაზრის ცვლილებებსა და იმ უნარებზე, რომლებიც მომავალ კარიერაში წარმატებისთვის სულ უფრო გადამწყვეტი ხდება. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „როგორ პასუხობს უნივერსიტეტი თანამედროვე გამოწვევებს?“, სადაც მონაწილეებმა განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ურთიერთკავშირზე იმსჯელეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი UG StartUp Factory-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის კულმინაციას – Demo Day-ს დაეთმო. 12-მა ფინალისტმა გუნდმა საკუთარი სტარტაპ იდეები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინა. შეფასების შედეგად გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული გუნდი, რომლებმაც საქართველოს უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდისგან იდეების განვითარებისთვის ჯამში ₾50,000-ის ოდენობის დაფინანსება მიიღეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, დაფინანსება მიიღეს შემდეგმა გუნდებმა:
SecreTable – პლატფორმა, რომელიც ტურისტებს ადგილობრივ მასპინძლებთან აკავშირებს ქართული სუფრისა და მასპინძლობის ავთენტური გამოცდილებისთვის. ტურისტებს შეუძლიათ დააგემოვნონ სახლში მომზადებული ტრადიციული კერძები, მოისმინონ ადგილობრივი ამბები და უკეთ გაეცნონ ქართულ კულტურას, ხოლო მასპინძლებს, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. SecreTable საქართველოში სახლში ჭამის კულტურას აცოცხლებს და მას მსოფლიოს უზიარებს.
Solution 86 – პლატფორმა, რომელიც ჰორეკა სექტორსა და დისტრიბუტორებს აკავშირებს. ის უზრუნველყოფს მომარაგების ჯაჭვის სრულ ავტომატიზაციას, პროდუქტების ფასების შედარებას, მომწოდებლებისთვის გაყიდვების სტიმულირებასა (Product Boosting) და ხმოვან შეკვეთებს. პლატფორმა აქრობს ყოველდღიურ ქაოსს, ზოგავს კვირაში 10+ საათს და მომხმარებლებს ბიზნესის ეფექტურად მართვის ხელსაწყოებს აძლევს.
Campaign – მარკეტინგული მონაცემებისა და ოპერაციების OS, რომელიც ფრაგმენტირებულ ინსტრუმენტებს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს. Campaign უზრუნველყოფს რეალურ დროში ბრენდის მონიტორინგს, კონკურენტების ანალიზს, მონაცემთა აგრეგაციას მრავალი წყაროდან, AI-ზე დაფუძნებული კამპანიების გაშვებასა და მართვას სხვადასხვა ციფრულ მედიუმზე.
Flexi – სპორტდარბაზების ციფრული ოპერაციული პლატფორმა, რომელიც QR შესვლას, subscription მართვას, კლასების დაჯავშნას, გადახდებსა და ტრენერების მარკეტფლეისს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს. პლატფორმა ასევე იყენებს Retention algorithm-სა და ტოკენების სისტემას, რომელიც პარტნიორ სპორტდარბაზებს შორის მომხმარებელთა ნაკადისა და ფასდაკლებების მართვას უზრუნველყოფს.
AI IA Labs – ქმნის GamIA-ს, ქართულ შემეცნებით პლატფორმას, რომელიც ბავშვებში ენობრივ, ლოგიკურ და შემოქმედებით უნარებს ავითარებს. ეს არის ეკრანთან გატარებული დროის ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც პასიურ სქროლვას აქტიური აზროვნებით ანაცვლებს.
Demo Day კიდევ ერთხელ ადასტურებს UG StartUp Factory-ის მიზანს – სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, იდეები რეალურ პროდუქტებად და ბიზნესებად გარდაქმნან. პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ორი თვის განმავლობაში Lean მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სასწავლო პროცესს გადიან, მუშაობენ მომხმარებლის პრობლემების იდენტიფიცირებაზე, იდეების ტესტირებასა და MVP-ის შექმნაზე, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ საკუთარ პროექტებს ინვესტორებისა და პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგენენ.
Demo Day | S2026-ის მხარდამჭერები იყვნენ: Forbes Georgia, თიბისი, სმარტ აკადემია, აქსელი, Lingwing, HT Solutions და Global Tech Weekend Tbilisi.
















