ფოტო: primeminister.am
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, რათა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავოს. ინფორმაციას Euronews-ი ერევანსა და ბაქოში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენი 1-ელ ივლისს ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას გამართავს. მოლაპარაკებების მთავარი თემები ევროპისთვის აზერბაიჯანიდან ენერგომომარაგების ზრდა, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, რომლებიც EU-ის ეკონომიკისთვის სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.
ეს იქნება ფონ დერ ლაიენის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში 2022 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ევროპის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე გაფორმდა.
ვიზიტი ასევე პირველი იქნება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს
ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი სამხრეთ კავკასიასთან ევროკავშირის აქტიური პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებად განიხილება. მარტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ბაქოში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის ახალ ჩარჩოზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკის გარდა თავდაცვის, უსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების განვითარებასაც მოიცავს.
კოშტას თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად რჩება და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის მიერ გაზის, ნავთობისა და მწვანე ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაში.
ამჟამად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 16 ევროპულ ქვეყანას მიეწოდება, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის აზერბაიჯანული ენერგორესურსების ყველაზე დიდი იმპორტიორი იტალიაა.
„შუა დერეფანი“ ევროკავშირის ახალი პრიორიტეტია
ენერგეტიკასთან ერთად, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარებას, რომელიც ევროპასა და აზიას თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ამ კვირაში ევროკავშირის ახალი Connectivity Agenda Platform წარადგინა. ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ პროექტებში სახელმწიფოებისა და კერძო ინვესტორების მონაწილეობით მილიარდობით ევროს ინვესტირებას გეგმავს.
ამ დროისთვის ევროკავშირს აღნიშნული მიმართულებით უკვე 80 მილიონ ევროზე მეტი აქვს გამოყოფილი, ხოლო საბოლოო მიზანი 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის მოზიდვაა.
კოსის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა და ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების შეფერხებამ შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია, აზიიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვის დრო, რომელიც დღეს დაახლოებით 45 დღეს შეადგენს, 15 დღემდე შემცირდეს. ამისთვის გზების, რკინიგზის, პორტებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება იგეგმება.
ევროკომისრის შეფასებით, ეს ბიზნესისთვის ხარჯების შემცირებას, პროდუქციის გაიაფებასა და რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი
ევროკავშირის ახალი ინიციატივების განხორციელება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა თითქმის ოთხათწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ორივე ქვეყანაში სიმბოლური მნიშვნელობისაც იქნება, რადგან ევროკავშირი რეგიონთან თანამშრომლობას უკვე არა კონკურენციის პირობებში, არამედ მშვიდობისა და ერთობლივი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში განიხილავს.
ბაქოს შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ერევანს ეწვევა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
ევროკავშირი სომხეთის მხარდაჭერას აძლიერებს
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ სომხეთისთვის ფინანსური დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების შედეგების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
კერძოდ, გასულ კვირას ევროკავშირმა დამატებით 34 მილიონი ევრო გამოყო, რათა სომხეთის კერძო სექტორს რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების გავლენის დაძლევაში დაეხმაროს. დახმარება სოფლის მეურნეობის, მეყვავილეობისა და ექსპორტზე ორიენტირებული სხვა სექტორების მხარდაჭერას, ახალი ბაზრების მოძიებასა და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გაფართოებას მოიცავს.
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს „სუვერენულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სომხეთს“, ხოლო დახმარების ახალი პაკეტი ქვეყანას როგორც მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში, ისე ევროპულ და რეგიონულ ბაზრებზე ინტეგრაციაში დაეხმარება.









